არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე აგიტაცია არ აიკრძალება

არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე აგიტაცია არ აიკრძალება

არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნების 20 მეტრის რადიუსში აგიტაციის წარმოების აკრძალვაზე მმართველი გუნდი უარს ამბობს. ასეთი აკრძალვა საარჩევნო კანონმდებლობაში, ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში მომზადებული ცვლილებების პროექტით შემოდის, რომლის თანახმადაც, კენჭისყრის დღეს როგორც კენჭისყრის შენობაში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე – 20 მეტრის რადიუსში აგიტაცია იკრძალება. 

პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, საუბნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია აღნიშნულ ქმედებაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს და თუ ის ასეთი ქმედების აკრძალვას ვერ მოახერხებს, დახმარებისთვის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს უნდა მიმართოს.

როგორც საკითხის განხილვისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ითქვა, ამ მიმართულებით ადმინისტრირების განხორციელება შეუძლებელი იქნება. კომიტეტის წევრები მიიჩნევენ, რომ მსგავსი აკრძალვის შემოღება და უბნებიდან 20-მეტრიანი რადიუსის განსაზღვრა გამოიწვევს მხოლოდ იმას, რომ საარჩევნო კომისიას მუშაობაში ხელი შეეშლება, რადგან კანონით დაკისრებული ამ ვალდებულების განხორციელებას ვერ შესძლებენ.

საარჩევნო უბნების 20-მეტრიან რადიუსში აგიტაციის ამკრძალავი მუხლის ამოღებას მიზანშეწონილად მიიჩნევს კანონპროექტის ინიციატორი, ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი, რომლის განმარტებითაც ინიციატივა არასამთავრობო სექტორს ეკუთვნის.

"პროვოკატორებს საშუალება არ უნდა მივცეთ იმისა, არჩევნების დღეს უბნების გარშემო გვარბენინონ", – აღნიშნა ქუცნაშვილმა საკითხზე მსჯელობისას. დეპუტატს იმედი აქვს, რომ პოლიტიკური სუბიექტები თავად გამოიჩენენ პოლიტიკურ ნებას და საარჩევნო უბნებთან აგიტაციის წარმოებით არ დაკავდებიან.

ზაქარია ქუცნაშვილი კანონპროექტის პარლამენტში განხილვის პროცესის დაწყებამდე ხაზს უსვამდა საარჩევნო უბნებიდან 20-მეტრიან რადიუსში აგიტაციის აკრძალვის მნიშვნელობას.

"საარჩევნო უბნის კიბეებთან აღარ უნდა ვიხილოთ ამომრჩევეთა სიებით შეიარაღებული აგიტატორები. ამომრჩეველს არ უნდა მოუწიოს სააგიტაციო კორიდორში გავლა, სანამ კენჭისყრის უბანში შევა. შესაბამისად, 20 მეტრის რადიუსში არ იქნება ნებადართული აგიტაცია, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ნებისმიერი მიმართულებიდან მიეცემათ საარჩევნო ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა და ქალბატონები იქნებიან თუ ვაჟბატონები, უფლება არ ექნებათ, კიბეებთან ჩამწკრივდნენ და სიებით შეიაღებულმა ხელში, ამომრჩეველზე ზემოქმედება მოახდინონ" , - განაცხადა ქუცნაშვილმა დაახლოებით ერთი კვირის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, კანონპროექტიდან შესაბამისს პუნქტს ამოიღებენ.