"ჩვენი ნიშა ყოველთვის გამოკვეთილად პროქართული კურსი იყო"

"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის და პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "მისი ნიშა ყოველთვის გამოკვეთილად პროქართული კურსი იყო".

ამის შესახებ ბურჯანაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში "დიალოგი დავით პაიჭაძესთან" სტუმრობისას განაცხადა.

"ერთ-ერთ განსხვავება სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებისგან ეს არის დიდი პოლიტიკური გამოცდილება, რომელიც მე ნამდვილად მაქვს და ამდენი წლის მანძილზე დამიგროვდა. ამავდროულად, ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტისთვის, მითუმეტეს ისეთი ქვეყნის პრეზიდენტისთვის, როგორიც საქართველოა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ კონტაქტებსა და კავშირებს, რომელიც მას აქვს, ან ექნება უცხოეთის სახელმწიფოებთან, რადგან ჩვენი ქვეყანა ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდებარეობის მატარებელია. ასეთ რთულ ვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ იქნება საქართველოში საგარეო პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი, ვინ იქნება ის ადამიანი, ვინც ქვეყნის სახელით უცხოელ პარტნიორებთან ისაუბრებს. რაც შეეხება გეოპოლიტიკურ მდებარეობას, ეს სწორი მართვის შემთხვევაში შეიძლება, ქვეყნის სასიკეთოდ იქნას გამოყენებული, ხოლო არასწორი მართვის შემთხვევაში ისეთ ტრაგედიად შემოტრიალდეს, როგორც 2008 წელს იყო. გარდა ამისა, მოსახელობამ უნდა იცოდეს, რა პრინციპების მატარებელი იქნება ის ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტობაზე პრეტენზია აქვს. ჩვენი ნიშა ყოველთვის იყო გამოკვეთილად პროქართული კურსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრივი და ერვონული ინტერესები. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის ტრადიციები და ფასეულობები, რომლებმაც ჩვენ აქამდე მოგვიყვანა და რომლებიც ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ეს იქნება ერთ-ერთი განმსაზღვრელი მომენტი გამარჯვების შემთხვევაში ჩვენს შემდგომ მმართველობაშიც. აუცილებელია, ჩამოყალიბდეს ისეთი მიდგომა სახელმწიფოსა და საკუთარი ხალხისადმი, როგორც ნორმალურ ადამიანს, ნორმალურ საზოგადოებას საკუთარი ოჯახისა და საკუთარი შვილდებისადმი შეიძლება, ჰქონდეს, ანუ ხელისუფალი იყოს პატრონი და გულშემატკივარი ქვეყნისა. ჩვენთვის პრინციპულად მნისვნელოვანია ის, რომ ქვეყანამ შეძლოს საკუთარი ადგილის პოვნა საერთაშორისო არენაზე, დღეს ჩვენ ეს ადგილი დაკარგული გვაქვს. დღეს რეალობაა, როდესაც ჩვენ დახმარების მომხმარებელ ქვეყანად გადავიქეცით. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ნაცვლადაც სხვა სახელმწიფოები წყვეტენ, თუ რა და როგორ სჭირდება. ამ დროს ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბედი ბატონ-პატრონი ჩვენვე ვიყოთ. ამის რესურსი საქართველოს აქვს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, საქართველომ საერთაშორისო პროცესებში მონაწილეობა უნდა მიიღოს, მაგრამ ეს იმ ადგილისა და როლის ადეკვატური უნდა იყოს, რაც საქართველოს აქვს.

"ISAF-ის მისიაში წვლილი იმაზე მეტი შეგვაქვს, ვიდრე ჩვენნაირ ქვეყანას უნდა შეჰქონდეს, რადგან ჩვენი ჯარები არის გაცილებით მეტი, ვიდრე ნატო-ს არაერთი წევრის ქვეყნისა. ეს გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურისთვის უფრო კეთდებოდა, თუმცა საქართველომ რა თქმა უნდა, საერთაშორისო პროცესებში მონაწილეობა უნდა მიიღოს, თავისი წვლილი მან ბევრ პროგრესულ პროცესში უნდა შეიტანოს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს, ამას მომავალში არც ჩვენ გამოვრიცხავთ, მაგრამ ჩვენი წვლილი იმ ადგილისა და როლის ადეკვატური იქნება, რაც საქართველოს აქვს და არა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე", - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ რესურსების სწორად გამოყენებისა და ეფექტური ხელისუფლების შემთხვევაში, ქვეყანას შეუძლია, საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნები გაცილებით უფრო მეტად უზრუნველყოს.

მისივე თქმით, აფხაზ და ოს ძმებთან ჩატეხილი ხიდის აღდგენა უნდა მოხდეს, რათა მისი მეშვეობით ქვეყნის გამთლიანება შევძლოთ.