თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურაზე უმრავლესობა უკვე შეთანხმდა

თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურაზე უმრავლესობა უკვე შეთანხმდა

საკრებულოში თანამდებობეზე კანდიდატების დამტკიცება პარიტეტული პრინციპით აღარ მოხდება. თბილისის საკრებულოში ფრაქციების "დედაქალაქის" თავმჯდომარემ კოკი იონათამიშვილმა და "ქართული ოცნება – თბილისის" თავმჯდომარემ გიორგი მუსხელიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართეს და საკარებულოს ხვალინდელ სხდომაზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს. 

გიორგი მუსხელიშვილის განცხადებით, 26 ივლისს, სხდომაზე პირველ საკითხად იქნება საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის თავჯდომარის თანამდებობიდან გადარჩევის, ასევე საკრებულოს ახალი თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და 13 კომისიის თავმჯდომარეების არჩევის საკითხი. მისივე თქმით, გუშინ საქალაქო სასამართლომ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების სარჩელი არ მიიღო, რომლითაც ისინი 19 ივლისის საკრებულოს სხდომის ლეგიტიმურობას და მის შედეგებს აპროტესტებდნენ.

გიორგი მუსხელიშვილმა და კოკი იონათამიშვილმა აღნიშნეს, რომ მათმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა სასამართლოსათვის მიმართვით ხელიდან გაუშვეს შანსი აღნიშნულ თანამდებობზე კანდიდატები პარიტეტული პრინციპით წარედგინათ. მისივე თქმით, მათ თავი შეიკავეს დაესახელებინათ თუ ვინ იქნება საკრებულოს ახალი თავმჯდომარე, მოადგილეები და 13 კომისიის თავმჯდომარეები.

მუსხელიშვილის განმარტებით, საკრებულოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურზე უმრავლესობის წევრები უკვე შეთანხმებული არიან. სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს ირაკლი შიხიაშვილი, თუმცა მუსხელიშვილი და იონათამიშვილი ამის დადასტურებისგან ჟურნალისტებთან თავს იკავებენ.

ამასთან, ფრაქცია "დედაქალაქის" თავმჯდომარემ კოკი იონათამიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, საზოგადოების დიდი ინტერესებიდან გამომდინარე, საკრებულოს ხვალინდელ სხდომას დაესწრონ და მონიტორინგი განახორციელონ.