თომას ჰამარბერგის რეკომენდაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განადგურება უნდა მოხდეს

თომას ჰამარბერგის რეკომენდაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განადგურება უნდა მოხდეს

ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები კრიმინალურია და მისი განადგურება უნდა მოხდეს. აღნიშნულ მოსაზრებას გამოთქვამს თომას ჰამარბერგი გავრცელებულ რეკომენდაციებში. 

13 ივლისს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც თომას ჰამარბერგიც ესწრებოდა. ამ შეხვედრაზე კომისიის წევრებმა ჰამარბერგს პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება სთხოვეს.

თომას ჰამარბერგის რეკომენდაციით, უკანონო ჩანაწერების არსებობა გამოხატულებაა უკიდურესად მძიმე დანაშაულისა, რომელიც მოითხოვს როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკური რეაქციას. მისივე განმარტებით, ჩანაწერები კრიმინალურია მისი ყველა ასპექტით და ამ ჩანაწერების გავრცელება ასევე უნდა ჩაითვალოს კრიმინალად.

"ნებისმიერი შანტაჟი ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიჩნეული უნდა იქნას როგორც მძიმე დანაშაული. მიზანი უნდა იყოს ჩანაწერებში ასახული ყველა პირის კონფიდენციალურობის დაცვა. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ შეგროვდეს მტკიცებულებები დამნაშავეების წინააღმდეგ. ჩემი წინადადებაა, რომ ამ ორი მიზნის გათვალისწინება უნდა მოხდეს ჩანაწერების სწორი, სწრაფი და ეფექტური შესწავლისას. ამ შესწავლის პროცედურები კომისიის მიერ უნდა იყოს დადგენილი. გონივრული იქნებოდა, სამოქალაქო საზოგადოების ერთი წარმომადგენელი ან მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თუ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ შესწავლაში.

ამ შესწავლის ძირითადი მიზანი არის მომზადება ჩანაწერების განადგურებისთვის", - აღნიშნულია ჰამარბერგის რეკომენდაციებში.

ადამიანის უფლებათა კომისარის რეკომენდაციებში ასევე აღნიშნულია, რომ ჩანაწერების შესწავლის დროს შესაძლოა მოხდეს ისეთი ელემენტების იდენტიფიცირება, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას სისხლის სამართლის გამოძიებაში. ამასთან, ეს უნდა მოხდეს ისე, რომ არ დაირღვეს მსხვერპლის კონფიდენციალურობის უფლებები.

"რადგანაც ჩანაწერების განადგურება ვერ მოხდება დაუყონებლივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩანაწერების არქივის კონფიდენციალურობა დაცული იყოს და ხელმისაწვდომობა მკაცრად იყოს შეზღუდული. ეს ყოველივე დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს კომისიის წევრებს. კომისიას უნდა გააჩნდეს განსაზღვრული ამოცანა, რომელიც დამტკიცებული იქნება მთავრობის მიერ. მიზანშეწონილი იქნება თუ კომისიას დაემატება წევრები. რეკომენდებულია, თუ ერთ-ერთი წევრი იქნება იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი", - აღნიშნულია თომას ჰამარბერგის რეკომენდაციებში.

13 ივლისს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული კომისიის სხდომაზე, რომელსაც თომას ჰამარბერგიც ესწრებოდა, ინფორმაცია წარმოადგინა მთავარმა პროკურორმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა. შეხვედრის მთავარი თემა იყო პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერების საკითხი.