გიორგი ჯიღაური:  ოკუპირებულ ცხინვალზე მავთულხლართების საერთო სიგრძე დაახლოებით 30 კილომეტრია

გიორგი ჯიღაური: ოკუპირებულ ცხინვალზე მავთულხლართების საერთო სიგრძე დაახლოებით 30 კილომეტრია

დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ცხინვალზე მავთულხლართების საერთო სიგრძე დაახლოებით 30 კილომეტრია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა , გიორგი ჯიღაურმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელმაც ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფელში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა. 

"შსს ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გაბმის პროცესის გამო. მავთულხლართების ფიქსაცია არის პროცესი, რომელიც ძირს უთხრის უსაფრთხოებას ადგილზე, ზღუდავს სასმელი და სარწყავი წყლის, საძოვრებით სარგებლობის საშუალებას, ნათესავებისა და სასაფლაოების მონახულების საშუალებას. ის აიძულებს მოსახლეობას დატოვონ თავიანთი საცხოვრებლები და გახდნენ იძულებით გადაადგილებული პირები.

მავთულხლართების საერთო სიგრძე, დღევანდელი მდგომარეობით, ოუპირებულ ცხინვალზე დაახლოებით 30 კილომეტრია, ოკუპაციის საერთო ხაზი კი 350 კმ-მდე. აღნიშნული პროცესი 2011 წლის გაზაფხულიდან დაიწყო, ხოლო გააქტიურება 2013 წლის დასაწყისიდან შეინიშნება. მავთულხლართების ინსტალაციამ 20-მდე ადგილობრივ მოსახლეობაზე გავლენა უკვე იქონია", - განაცხადა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ამასთან, მან კონკრეტულად გორისა და კასპის რაიონების იმ სოფლებზეც ისაუბრა, რომელთა ნაწილიც მავთულხლართების გაბმის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

"გორის რაიონის სოფელ ნიქოზში 2-3 კილომეტრს აღწევს გავლებული მავთულხლართი, რომლის დიდი ნაწილიც თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოდის. ამის გამო მიწები უკვე მოექცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. იგივე პრობლემის წინაშე დგას სოფელ გუგუთიანთკარის ადგილობრივი მოსახლეობა. ძალიან მძიმე მდგომარეობაა დიდ ხურვალეთში – ის მთლიანად თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია იყო, თუმცა მავთულხლართების ფიქსაციის გამო სამი სახლი მოექცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დვანშიც მავთულხლართების გარკვეული ნაწილი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, რის გამოც სარწყავი სისტემები და მიწების ნაწილი უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. რაც შეეხება დიცს – აღნიშნული ტერიტორია თითქმის მთლიანად იქნა შეღობილი. მავთულხლართების ნაცვლად ამ სოფელში ღობე აქვს შემოვლებული. ღობეების საერთო სიგრძე 3 ათას მეტრს აღწევს. კასპის რაიონის გარკვეულ სოფლებშიც დაწყებულია ფიქსაციის პროცესი, რომლის საერთო სიგრძე ამ დროისთვის ნახევარი კილომეტრია", - აღნიშნა შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა.