ეკა გიგაური:   თომას ჰამერბერგი მთავრობას პირადი ცხოვრების ამსახველი არქივის განადგურების რეკომენდაციას აძლევს

ეკა გიგაური: თომას ჰამერბერგი მთავრობას პირადი ცხოვრების ამსახველი არქივის განადგურების რეკომენდაციას აძლევს

ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამერბერგი საქართველოს მთავრობას პირადი ცხოვრების ამსახველი არქივის განადგურების რეკომენდაციას აძლევს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუცხადა, ჰამერბერგი აღნიშნულის თაობაზე იმ დასკვნაში საუბრობს, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებით შეიმუშავა.

"დასკვნა და რეკომენდაციები მართლაც ზედმიწევნით მომზადებულია და მასში საუბარი არაა მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ მასთან მიმართებაში. დასკვნაში ევროკომისარი ყველა იმ პრობლემას ეხება, რომლის წინაშეც ვდგავართ. პირველ რიგში, ის პირდაპირ ამბობს, რომ ნამდვილად სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და ის აღარ უნდა განმეორდეს. ამისთვის თომას ჰამერბერგი ფიქრობს, რომ საკანონდებლო ბაზის გამართვაა მნიშვნელოვანი, რომელიც ახლა განუსაზღვრელ უფლებამოსილებას აძლევს საგამოძიებო ორგანოებს. ეს არის პირველი რეკომენდაცია, რომელსაც ის იძლევა და გვირჩევს, რომ კანონმდებლობა შეიცვალოს და ევროპული სტანდარტების შესაბამისი გახდეს. რაც შეეხება არქივს, ჰამერბერგი ამბობს, რომ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, როცა ორი - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და გამოძიების ინტერესი დგას, უმჯობესია უპირატესობა მივანიჭოთ ადამიანების პირად ცხოვრებას. ესაა ის მოთხოვნა, რასაც საჭიროებს საერთაშორისო სამართლის ნორმები", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისივე განმარტებით, იმისთვის რომ აღნიშნული არქივი გამოძიების მიერ მტკიცებულების სახით იყოს გამოყენებული, ევროკომისარი საქართველოს ორ არჩევანს სთავაზობს.

"თომას ჰამერბერგი გვთავაზობს ორ არჩევანს: პირველი - ან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელმა ან პირად მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, რომელიც რეკომენდაციის მიხედვით, აუცილებლად უნდა შევიდეს კომისიაში, უნდა დაადასტუროს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა არსებობდა. მეორე შემოთავაზება კი ის არის, რომ არქივიდან დავტოვოთ ერთადერთი ვიდეო, რომელიც საგამოძიებო ორგანოების მიერ იქნება გამოყენებული იმის დასტურად, რომ ასეთი ტიპის ჩანაწერების გაკეთება ხდებოდა", - აღნიშნა გიგაურმა.

გარდა ამისა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის თქმით, დასკვნაში თომას ჰამერბერგი შსს-ში დაცულ, ადამიანთა წამების ამსახველ მასალებზეც საუბრობს და მათ გასაჯაროებას დაუშვებლად მიიჩნევს.

"ევროკომისარი ასევე საუბრობს ადამიანთა წამების ამსახველ იმ ვიდეოებზე, რომელიც გააჩნია შსს-ს. აქაც თომას ჰამერბერგი ამბობს, რომ უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებიც გასცემდნენ ბრძანებებს და ჩართულები იყვნენ წამებაში. თუმცა განმარტავს იმასაც, რომ ამ ვიდეოების დემონსტრირება მიზანშეწონილი არ არის. ამ კონტექსტში ფიქრობს, რომ ის, რაც გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არ იყო გამართლებული",- განაცხადა მან.