„რუსთავის ფოლადი“ მასსა და „ქართულ ფოლადს“ შორის წარმოებულ დავასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მიღებული განაჩენი ქართული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებით სერიოზულ ეჭვს უჩენს.
აღნიშნულთან დაკავშირებით „რუსთავის ფოლადი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ჯოზეფ კეის კომპანიის „მეორედ მითვისების“ მცდელობაში ადანაშაულებს.
„19 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სს ქართული ფოლადის მიერ შპს რუსთავის ფოლადის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე და ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქართული ფოლადის მოთხოვნა. კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილების ძალით ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 27 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აქტივების რუსთავის ფოლადისთვის მიყიდვა.
რუსთავის ფოლადი გააკვირვა ასეთმა გადაწყვეტილებამ, რომელიც სერიოზულ ეჭვს ბადებს ქართული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და კომპეტენციასთან და საქართველოში საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით. ეს არის არასრული და არასწორი მსჯელობის შედეგად მიღებული, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული გადაწყევტილება, რომლის აღსრულების შემთხვევაში ქარხანა უბრალოდ დაუბრუნდება გადახდისუუნარობის მდგომარეობას, რაც ზიანს მიაყენებს კრედიტორებს, თანამშრომლებსა და აქციონერებს. ამდენად, გადაწყვეტილება მეტყველებს მოსამართლის მიკერძოებულობაზე ან მის არაკომპეტენტურობაზე.
2005 წელს ბადრი პატარკაციშვილმა შეიძინა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 2008 წლის თებერვალში ჯოზეფ კეი გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე შეეცადა მოეპარა რამდენიმე აქტივი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახიდან. ის შეეკრა სააკაშვილის მთავრობას და კორუმპირებული სასამართლო სისტემის გამოყენებით თაღლითურად მიითვისა პატარკაციშვილების ოჯახის საკუთრებაში არსებულ ქართულ ჰოლდინგში შემავალი სს ქართული ფოლადის 100% წილი. 2010 წელს გიბრალტარის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჯოზეფ კეის მოთხოვნა რუსთავის საკუთრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მან ვერ დაუმტკიცა სასამართლოს, რომ განახორციელა ინვესტირება რუსთავის ქარხანაში, მაშინ როცა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დაამტკიცა, რომ რუსთავის ქარხანა შეძენილი იყო ბადრი პატარკაციშვილის საკუთრებაში არსებული აქტივების გაყიდვიდან მიღებული სახსრებით და რომ ეს სახსრები გადარიცხული იყო ბადრი პატარკაციშვილის ანგარიშებიდან. 2010 წელს პატარკაცისშვილების ოჯახმა წამოიწყო საერთაშორისო არბიტრაჟი საქართველოს სახელმწიფოს წინაღმდეგ კომპენსაციის მოთხოვნით.
2008-2011 წლების განმავლობაში, ჯოზეფ კეიმ, სააკაშვილის მთავრობის მხარდაჭერითა და მფარველობით, მოიპოვა კონტროლი ქარხანაზე და გაანადგურა ძირითადი წარმოების საამქროები, რომლებიც დაიშალა და ჯართად გაიყიდა. მან ქარხნიდან მილიონობით დოლარი გაიტანა საკუთარ ანგარიშებზე და რამოდენიმე ათეული მილიონი დოლარის ვალი დაუტოვა ქარხანას. 2011 წლის ივლისში სს ქართული ფოლადი გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა და ჯოზეფ კეი წავიდა საქართველოდან. ქარხნის მომავლის გადარჩენის მიზნით, აქტივების შეძენისა და ვალდებულებების დაფარვის გზით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დამატებითი მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულება იკისრა. აქტივების შეძენა დამტკიცებული იყო ქართული ფოლადის კრედიტორთა მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარე გადახდისუუნარობის პროცესის ფარგლებში.
ამჟამად ჯოზეფ კეი ცდილობს მეორედ მიისაკუთროს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და აკეთებს ამას სწორედ იმ კომპანიის გამოყენებით, რომელიც 2009 წელს მოპარა მფლობელს.
რუსთავის ფოლადი დარწმუნებულია, რომ საქართველოს უფლებამოსილი ორგანოები გამოიძიებენ ამ გარემოებებს და მიიღებენ სათანადო ზომებს ჯოზეფ კეის წინააღმდეგ. ქართული ფოლადის მიერ აღძრული საქმე ქართული სამართლის სისტემის შეურაცხყოფაა და სერიოზულ ჩრდილს აყენებს საქართველოს ძალისხმევას მოიპოვოს უცხოელი ინვესტორებისთვის მომხიბვლელი ქვეყნის რეპუტაცია.
რუსთავის ფოლადი გაასაჩივრებს 19 ივლისის გადაწყვეტილებას და დაუღალავად იბრძოლებს ჯოზეფ კეის წინააღმდეგ იმ ფინანსური ზიანის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგა რუსთავის ფოლადს ჯოზეფ კეის ქმედებების შედეგად“, - ნათქვამია რუსთავის ფოლადის განცხადებაში.