„ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ გაკოტრების საფრთხეებზე ისაუბრებენ

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ გაკოტრების საფრთხეებზე ისაუბრებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ საქმიანობის შესახებ სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებისთვის საჯაროს გახდის კომპანიიდან მიღებულ წერილობით დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, შესაძლებელია, შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ გაკოტრების წინაშე აღმოჩნდეს. 

ორგანიზაციამ კომპანიას 2013 წლის 12 ივლისს მიმართა და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე განმარტება მოითხოვა. კერძოდ, დგას თუ არა დღის წესრიგში ჩატარებული ტენდერების შედეგების გადახედვის აუცილებლობა, რამდენს შეადგენს მძღოლების მიერ ფიქსირებული ყოველდღიური გადასახადი, რა ტენდენცია არსებობს ყოველდღიურ გადასახადის მატებასთან და კლებასთან, შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ გეგმავს თუ არა მგზავრობის ღირებულების შემცირებას 50 თეთრის მდგომარეობით, თუკი იგეგმება, რა პერიოდიდანაა მოსალოდნელი სამგზავრო ღირებულების შემცირება და რა გარემოებები უშლის ხელს, რომ მგზავრობის გადასახადი შემცირდეს. ამასთან, ორგანიზაცია თავის წერილში სვამდა კითხვას, მიეცათ თუ არა მძღოლებს უფლება, სურვილისამებრ შეერჩიათ პროფილაქტიკის ობიექტი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ შპს „თბილისის მიკროავტობუსიდან“ მიღებულ წერილს მნიშვნელოვან დოკუმენტს უწოდებენ, რადგანაც შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ პირველად პასუხობს საკითხებს, რომლის მიმართაც, დღემდე, დუმილს ინარჩუნებდა. ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ მიღებული წერილი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამომხატველია. ამიტომაც, ხვალინდელ ბრიფინგზე, დოკუმენტის გასაჯაროება და კონკრეტული შეფასებები გაკეთდება.