ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას შეფასებით, კრიმინოგენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის თქმის საფუძველს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები აძლევს.
"ბათუმში 16 წლის გოგონას მკვლელობა სამწუხარო ფაქტია, თუმცა მსგავსი ფაქტები ადრეც ხდებოდა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. წელს აჭარის რეგიონში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი შეადგენს 60%-ს, მაშინ, როცა გასულ წელს მხოლოდ 16% იყო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 3300 ერთეულით არის შემცირებული დანაშაულის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, გახსნის მაჩვენებელი კი 52%-ია. ასევე წელს აჭარაში გაორმაგებულია ტურისტების რაოდენობა. ეს იმ ფონზე, როცა 14 ათასი პატიმარია გათავისუფლებული და შიშისა და ტერორის განცდა არ არის. კონკრეტულად მკვლელობები აჭარის რეგიონში ზაფხულის სეზონში გასულ წლებშიც ხდებოდა. გასულ წლებში კონკრეტულად ამ რეგიონში არის გაუხსნელი მკვლელობები. შემიძლია გითხრათ: - 2007 - 11 მკვლელობა, აქედან 2 გაუხსნელი; 2008 – 9 მკვლელობა, აქედან 4 გაუხსნელი; 2009 – 7 მკვლელობა, აქედან 1 გაუხსნელი; 2010 – 11 მკვლელობა, აქედან 3 გაუხსნელი; 2011 – 8 მკვლელობა, აქედან 1 გაუხსნელი; 2012 - 2 მკვლელობა, 2-ვე გახსნილია", – აცხადებს ეკა ბესელია.