"ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯნული მაჟორიტარების ახალ ფრაქციას შესაძლოა მარიკა ვერულაშვილმა უხელმძღვანელოს

"ნაციონალური მოძრაობიდან" გასული მაჟორიტარების შემადგენლობით პარლამენტში კიდევ ერთი ფრაქცია იქმნება. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ახალი ფრაქციის თავმჯდომარედ მარიკა ვერულაშვილის კანდიდატურა განიხილება, ფრაქციის შემადგენლობაში კი ერთიანდებიან დეპუტატები: გოჩა ენუქიძე, იაშა შერვაშიძე, გურამ მისაბიშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი და ანზორ ბოლქვაძე.

"ინტერპრესნიუსისი" გოჩა ენუქიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ფრაქციის ფორმირებისთვის მზადება დაადასტურა. როგორც მან აღნიშნა, 26 ივლისისთვის შეიკრიბებიან, შეჯერდებიან ყველა იმ საკითხზე, რაც ფრაქციის შექმნას უკავშირდება და დეტალები უახლოეს ორ დღეში გახდება ცნობილი.

"რაც შეეხება ფრაქციის თავმჯდომარეს, ეს თანამდებობა ექვსი დეპუტატიდან ნებისმიერმა შეიძლება დაიკავოს – მათ შორის მარიკამ! ყველაფერს ორ დღეში გადავწყვეტთ", – განაცხადა ენუქიძემ.

პარლამენტში არსებობს "ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯნული მაჟორიტარების კიდევ ერთი ფრაქცია - "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების" სახით. აღნიშნულ ფრაქციაში ის დეპუტატები არიან გაერთიანებული, რომლებიც ყოფილ მმართველ გუნდს პარლამენტის შეკრების პირველივე დღეებიდან გაემიჯნენ.