უმცირესობა პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტში ევროპაში მოპარული მანქანების საქართველოში რეალიზაციის და მასთან დაკავშირებული "მაფიოზური სინდიკატის" რეამინაციის საფრთხეს ხედავს. პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილბების პროექტს იხილავს, რომელიც ავტომანქანების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად დარეგულირებას ითვალისწინებს. კერძოდ, საქმე ეხება ისეთ შემთხვევებს, როცა ავტომობილი თავდაპირველი მფლობელისგან დანაშაულებრივი გზით არის ამოღებული, ანუ არის ან მოპარული, ან წართმეული და მას მფლობელი აღარ იბრუნებს. ინიციატივის თანახმად, ასეთ შემთხვევაში მანქანას წაიღებს არა სახელმწიფო, არამედ მოქალაქე, რომელმაც ის კეთილსინდისიერად შეიძინა და არ იცოდა, რომ მის მიერ შეძენილი ავტომობილი მოპარული იყო.
"საუბარია ძირითადად ევროპაში ნაქურდალ, იმპორტირებულ მანქანებზე, რომლის რეალიზაციაც საქართველოში მოხდა. შსს რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა სინდიკატს, რომელიც საბოლოოდ დაამარცხა. სახელმწიფოსკენ მიიქცა მანქანები, რომელიც იყო ნაქურდალი და მხოლოდ მის შემძენთა 0,1%-მა შეიძლება არ იცოდა, რომ ნაქურდალი მანქანა შეიძინა. დღეს არის მცდელობა ნაქურდალი მანქანიების შემძენებს ქონება დაუკანონდეთ. რა კრიტერიუმით უნდა გაარკვიოთ, იცოდა თუ არა მან, რომ ნაქურდალ მანქანას ყიდულობდა და რომ ის ნამდვილად არის კეთილსინდისიერი შემძენი?!" – მიმართა უმრავლესობას დეპუტატმა ვახტან ლემონჯავამ.
საკითხზე მსჯელობისას ანალოგიურ საფრთხეზე გაამახვილეს ყურადღება გიგი წერეთელმა და ზურაბ მელიქიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე აღარ იბრუნებს ასეთ ავტომანქანას, ან ავტომანქანის მესაკუთრის ვინაობა დაუდგენელია, პროკურორი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, ავტომანქანის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ. წარმოდგენილი კანონპროექტით კი, პროკურორს დაეკისრება ვალდებულება, ორივე შემთხვევაში (როცა მესაკუთრე არ იბრუნებს, ან უცნობია მისი ვინაობა) მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ავტომანქანის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ, ხოლო სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით. სასამართლო შეაფასებს საქმის გარემოებებს, პროკურორისა და დაინტერესებული მხარეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და მათ საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის, ან იმ პირისთვის გადაცემის შესახებ, რომელმაც შეიძინა ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება და შეძენის მომენტისთვის არ იყო ინფორმირებული სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის შესახებ.