პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები - გიგა ბუკია და გიორგი ბარამიძე შეკამათდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის უკმაყოფილება ბუკიას მიერ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორების" თავმჯდომარემ სწორედ ბარამიძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. ბუკია ოპოზიციონერი დეპუტატის იმ გამოსვლას გამოეხმაურა, რომელშიც უმცირესობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული პირების ამნისტირების წინააღმდეგია.
"რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე, მაგრამ, პირველ რიგში, დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც პოლიტიკას, სისტემას და ნაძირალთა ბანდას ქმნიდნენ. მთელი ეს პასუხისმგებლობა გაკისრიათ თქვენ. მათ შორის უშუალოდ თქვენც მფარველობდით და ქოლგად იყავით გადაფარებული", – განაცხადა ბუკიამ, რასაც გიორგი ბარამიძის მხრიდან მწვავე რეპლიკა მოჰყვა.