სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის #17-ე დაწესებულებაში 12 მსჯავრდებული მესამე დღეა რაც შიმშილობს, მათგან ორს, გიორგი ხურციძეს და ლევან კუტალაძეს მავთულით პირი აქვს ამოკერილი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატიმრების ახლობლებმა განუცხადეს.
მოშიმშილე პატიმრები ე.წ. უდოს კომისიისგან მათი საქმეების გადახედვას მოითხოვენ. მსჯავრდებულები #17-ე დაწესებულებაში სახალხო დამცველის, ასევე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შესვლას მოითხოვენ.
მოშიმშილე პატიმრების ოჯახის წევრების განცხადებით, ე.წ. უდოს კომისიამ ისეთი მსჯავრდებულების საქმეებიც განიხილა, ვისაც კანონის მიხედვით შეწყალება არ ეკუთვნოდა. პატიმარ გიორგი ხურციძის მამა, იაშა ხურციძე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ მისი შვილი რუსთავის მე-17 დაწესებულებაში გადაყვანამდე გლდანის საპყრობილეში იხდიდა სასჯელს, სადაც მასზე სისტემატიურად ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. მისივე თქმით, გიორგი ხურციძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეისათვის მძიმეა, ე.წ. უდოს კომისიაში კი მისი საქმის გადასინჯვაზე უარი უთხრეს. მიზეზად გლდანის ციხეში რეჟიმის დარღვევა დაუსახელეს, რასაც მსჯავრდებული პირის ამოკერვით აპროტესტებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რუსთავის მე-17 დაწესებულებასთან დაკავშირებით დღეს სამინისტრო განცხადებას გაავრცელებს.