მე ველი იმ მომენტს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის ოდიოზური განცხადებების მრავალტომეულის შევსება დამთავრდება, - ასე გამოეხმაურა კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი 26 მაისთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
საუბარია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმად 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან თვალყურს ადევნებდა FBI-ის ჯგუფი, რომელიც მიტინგის დაშლის ყველა დეტალს აკვირდებოდადა რომელმაც დაწერა დასკვნა, რომ ყველაფერი კანონიერი იყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა, ასეთი ტიპის განცხადებები უბრალოდ არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს და საზიანოა მთლიანად სახელმწიფოსთვის.
"სააკაშვილის მიერ გაკეთებული ოდიოზური განცხადებების ალბათ მრავალტომეული შეიძლება დიადოს. სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამ მრავალტომეულის შევსება პრეზიდენტის მხრიდან. ეს უაღრესად სამწუხაროა და სავალალოა ჩვენი ქვეყნისთვის. მე ველი იმ მომენტს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის ოდიოზური განცხადებების მრავალტომეულის შევსება დამთავრდება", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის შეფასებით, პრეზიდენტის სტატუსით ნათქვამი ასეთი რამე სრულიად მიუღებელია.
"სწორედ იმიტომ, რომ ეს ეხება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და სწორედ იმიტომ, რომ ეს ეხება იმ ქვეყანას, რომელთან ერთადაც ჩვენ ვაგებთ გლობალური უსაფრთხოების პროცესებს, სწორედ ამიტომ ეს განცხადება კიდევ უფრო მიუღებელია", - დასძინა მან.