"დემოკრატიული მოძრაობა" შს სამინისტროსგან 2010 წელს სოფელ ხურვალეთში მომხდარ ინციდენტის გამოძიებას მოითხოვს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე "დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრმა მანანა სალუქვაძემ განაცხადა, სოფელ ხურვალეთში, "ნაციონალურმა მოძრაობამ "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და პარტიის წევრებს" 26 მაისის დარბევის რეპეტიცია მოუწყო.
"ხურვალეთში მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულებს დაგვახვედრეს ზონდერ-ბრიგადები, რომლებმაც მოგვაქციეს ალყაში და დაგვიშინეს ქვები, საიდანაც დაშავების გარეშე ვერ გამოაღწია ვერც ერთმა ჩვენგანმა და რომ არა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელთა დახმარება და მხარდაჭერა ჩვენ საერთოდ ვერ მოვახერხებდით ამ ალყის გარღვევას. ამ ყველაფერს კი რამდენიმე მეტრის მოშორებით ურეაქციოდ აკვირდებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური პოლიციის წარმომადგენლები. მაშინ ჩვენ გავმართეთ არაერთი ბრიფინგი ამ ინციდენტთან დაკავშირებით, მივმართეთ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, თუმცა ჩვენს მიმართვას და საჩივარს სამინისტროში არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ამ ინციდენტს ასევე არ მოჰყოლია რეაგირება არც პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე დავით ბაქრაძისგან და არც "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წერებისგან. ჩვენი საჩივარი შს სამინისტროში დღემდე რჩება. მივმართავთ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გამოიძიოს ხურვალეთის ინციდენტი. "დემოკრატიული მოძრაობა" კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ქვეყანაში ძალადობა მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ყველა დაინახავს, რომ დამნაშავეები ადეკვატურ პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის", - განაცხადა სალუქვაძემ.
ამასთან, "დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გამოეხმაურა ზუგდიდსა და ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის დროს მომხმარ ინციდენტებს.
როგორც სალუქვაძემ განაცხადა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" მათ მიმართ ძალადობაზე საუბრობს, აუცილებლად უნდა ახსოვდეს სწორედ ხურვალეთის ინციდენტი.
"ჩვენი პარტია ყოველთვის გმობდა და დღესაც ერთმნიშვნელოვნად გმობს ყოველგვარ ძალადობას. ასევე მიუღებლად მიგვაჩნია ყოველგვარი რევანში. ამავდროულად, ჩვენ გვესმის ხალხის პროტესტი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა უტიფარი და პროვოკაციული მოქმედებებისა და განცხადებების გამო. ბოლო დღეების განმავლობაში მედიაში გამუდმებით არის საუბარი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ზუგდიდსა და ბათუმში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც წინა ხელისუფლებაში უმაღლეს პოსტებს იკავებდნენ და დღესაც ინარჩუნებენ, მათ შორის ბატონი ბაქრაძე, ბოკერია, წერეთელი და სხვები, აღშფოთებას ვერ მალავენ, მათთვის თურმე მიუღებელია ძალადობა. როდესაც ისინი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ყოველთვის უნდა ახსოვდეთ გასული წლების მანძილზე ნამოქმედარი", - განაცხადა სალუქვაძემ.