"ნაციონალური მოძრაობა" უკანონო მოსმენებთან და ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული ამნისტიის პროექტისთვის მხარდაჭერას არ აპირებს და ამ მიმართულებით ყველა კონკრეტული ფაქტის გამოძიებასა და კონკრეტული პირების დასჯას ითხოვს.
ფარულ ჩანაწერებთან და უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით მომზადებულ "ამნისტიის შესახებ" პროექტს პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს.
"ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ ამნისტირების ინიციატივას ხმას არ მისცემს, რადგან ყველა, ვინც დაკავშირებული იყო ასეთი საქმეების ჩადენაში, შესაბამისი დავალებების მიცემაში, მასალების შენახვაში, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.
"რამდენი ათასიც არ უნდა ეს მასალა და რამდენი პირიც არ უნდა იყოს გარეული, ყველა უნდა დაისაჯოს. უფლებას არ მოგცემთ, ის ადამიანები, რომლებიც ახლა ამ დარბაზში ვსხედვართ და არაფერ შუაში არ ვართ, რადგან არავისთვის მიგვიცია მანდატი, ასეთი ჩანაწერები ეკეთებინა, ამ სიბინძურესთან დაგვაკავშიროთ. როგორც ჩანს, ჩანაწერები, რაც გაკეთდა მაშინდელ ოპოზიციაზე, ერთი იმდენი იქნება ხელისუფლებაზე და უფლებას არ მოგცემთ, ამის გამკეთებლებს ხელ დააფაროთ, რათა დღევანდელ ხელისუფლებასთან რაღაც გარიგებაში შევიდნენ", – განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ.
ამასთან, ბარამიძეს ეჭვი აქვს, რომ "უმსგავსობა, რაც ხდებოდა ადამიანების უკანონო მოსმენებისა და ჩაწერის სახით, ზოგ-ზოგიერთს ხელისუფლებაში ძალიან მოეწონა და ახლა ადგილი აქვს მცდელობას გამოიყენოს თავისი მიზნებისათვის – მათ შორის პოლიტიკური მიზნებისთვის".
"ვართ შერცხვენილები იმ ფაქტებით, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. არ ვარიდებთ თავს პასუხისმგებლობას და ვითხოვთ, რომ ყველანი – რამდენიც არ უნდა იყვნენ და ვინც არ უნდა იყვნენ, დაისაჯონ", – მიმართა ბარამიძემ მმართველ გუნდს.
პარლამენტი იხილავს პროექტს, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ფიზიკური და იურიდიული პირები თავისუფლდებიან, რომლებიც კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადდებიან და ნებაყოფლობით ჩააბარებენ სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებულ პირადი ან ოჯახური საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერს, ტექნიკური საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას, კომპიუტერულ მონაცემს, პირადი მიმოწერის ამსახველ მასალას, საფოსტო გზავნილს, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერს, ასევე ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებულ ან გადაცემულ ინფორმაციას.