კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ახალ სტრუქტურას შექმნის.
როგორც მარგველაშვილმა რადიო "პალიტრის" ეთერში განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტს აბსოლუტურად ახალი ტიპის ადმინისტრაცია ექნება.
კერძოდ, როგორც კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყველა ჯგუფს, მათ შორის, სოციალურად დაუცველებს, ფერმერებს, ბიზნესმენებს, დევნილებსა და სხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს სპეციალური კოორდინატორი ეყოლებათ.
მისივე ინფორმაციით, ახალი სტრუქტურისა და კოორდინატორების ყოველდღიური საქმიანობა ამ ჯგუფებთან მუდმივ კონტაქტში ყოფნა იქნება. კოორდინატორები მათგან მოისმენენ ინფორმაციას მათ შორის არსებული პრობლემების, ასევე არსებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. ამის შემდეგ კი როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ინფორმაცია დამუშავდება და პირდაპირი ორიენტირი სწორედ ამ საკითხებზე გაკეთდება.