პრემიერი რეალურად მიდის არა პოლიტიკიდან, არამედ თანამდებობიდან, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა რადიო "პალიტრის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ორი წლის გააკეთა განცხადება საკუთარი გეგმის შესახებ რომ პოლიტიკიდან წავიდოდა.
"პრემიერ-მინისტრის მანდატი ოთხი წლით გაცემული არ ყოფილა, მანამდე თქვა ივანიშვილმა, რომ ის წავიდოდა. რეალურად ყველაზე დიდწონიანი ფიგურა სტატუსურად ჩვეულებრივი მოქალაქე ხდება. ყველაზე წონიანი პოლიტიკოსი არ იქნება თანამდებობის პირი", - აღნიშნა "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა.
გიორგი მარგველაშვილმა პრემიერის ამ გადაწყვეტილებას უპრეცედენტო უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯი ცოტა თუ გადადგმულა.
მას მიაჩნია, რომ ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა კი იქ უნდა იყოს, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ქვეყანას.
"ის მიდის მმართველობიდან, მაგრამ რატომ გვგონია, რომ მთავარია თანამდებობის პირები? რა არის მთავარი სახელმწიფოში, საქართველოში, რომელსაც რამდენიმე ათეული საუკუნის ისტორია გააჩნია და რომელსაც ხშირად სახელმწიფოებრიობა არ ჰქონდა? ქართულმა საზოგადოებამ ბევრი დარტყმა გადაიტანა. ყველაზე მეტად რაც გააძლიერებს ამ ქვეყანას და შექმნის სტაბილურობას, ეს ძლიერი საზოგადოებაა. საზოგადოება უნდა იყოს ძლიერი. ყველაზე მეტი ძალაუფლება ხალხს სჭირდება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.