სარფში ერთ კილოგრამზე მეტი ოქრო აღმოაჩინეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, დღეს, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ოქროს მალულად შემოტანის ორი ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა მარხა მ-მ და ნორგულ ნ-მ საქართველოს საბაჟო საზღვარზე, ს.გ.პ. "სარფში" საბაჟო კონტროლისაგან მამულად, სხეულზე მოწყობილი სპეციალური სამალავით საქართველოში სხვადასხვა სახის ოქროს ნაკეთობები გადმოიტანეს.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარხა მ-ს პირადი დათვალიერებისას სხეულზე დამაგრებულ პლასტმასის კონტეინერებში დაახლოებით, 766 გრამი ოქროს ნაკეთობა აღმოუჩნეს. ნაკეთობების სავარაუდო ღირებულება 15000 ლარს აღემატება, ნორგულ ნ-ს კი, ასევე სხეულზე დამაგრებულ პლასტმასის კონტეინერებში დაახლოებით 347 გრამი ოქროს ნაკეთობა, სავარაუდო ღირებულებით 15000 ლარი, აღმოაჩნდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმის მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.