მმართველი გუნდი ცალსახად აცხადებს, რომ ისეთი ტიპის ინციდენტები, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდსა და ბათუმში ჰქონდა ადგილი, მათ ინტერესებში არ შედის. უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციონერ კოლეგებს სთხოვეს, მომხდართან დაკავშირებით პასუხი საკუთარ თავს მოსთხოვონ.
დღევანდელი რიგგარეშე სესია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პრაიმერების დროს მომხდარი დაპირისპირების გაპროტესტებით დაიწყო. უმცირესობის წევრმა დეპუტატებმა ხელისუფლებას ოპოზიციის მიმართ მეტი კონსტრუქციულობის გამოჩენისკენ მოუწოდეს.
როგორც მათ საპასუხოდ პარლამენტის ვიცე სპიკერმა, მანანა კობახიძემ განაცხადა, საარჩევნო კამპანიის ძალადობის ფონზე ჩატარება "ქართული ოცნების" ინტერესებში არ შედის. მისი თქმით, მაშინ როცა ქვეყანა გამოწვევების წინაშეა და მოახლოებულია ვილნიუსის სამიტი, ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიის ტესტის ჩაბარება.
"იქნებ უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებას მოარიდოთ თავი! იქნებ თქვენ თავსაც ჰკითხოთ, რა მოხდა ასეთი, რა დაუშავეთ ზუგდიდს, რომ ქალაქი, რომელმაც თურმე "ნაციონალურ მოძრაობას" მისცა ხმა არჩევნებში ასე დახვდათ ზუგდიდში", – მიმართა უმცირესობას მანანა კობახიძემ.
პარლამენტის კიდევ ერთმა ვიცე სპიკერმა, ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია არჩევნების მაქსიმალურად დემოკრატიულად ჩატარებაში და ის შორს დგას ყოველგვარი ძალადობისგან.