"დევნილთა საინიციატივო საბჭო" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნას აპროტესტებს.
ამ მიზნით, დაახლოებით 50-მდე დევნილმა სახელმწიფო კანცელარიის წინ აქცია გამართა.
დევნილები საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობაში ჩარევას სთხოვენ.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "დევნილთა საინიციატივო საბჭოს" თავმჯდომარემ, დიმიტრი ომანაძემ აღნიშნა, ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად უკანონოდ მოხდა. მისივე თქმით, არ იქნა გათვალისწინებული დევნილთა ინტერესები. ომანაძის ინფორმაციით, ვახტანგ ყოლბაია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის კადრია. ნინო ბურჯანაძე კი დევნილებს მოღალატეებად მოიხსენიებდა.
ამასთან, "აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ორგანიზაციის" გამგეობის წევრის, მანრი ჭანტურიას განცხადებით, ვახტანგ ყოლბაია იყო გალის რაიკომის მდივანი და მისი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა უკანონოა. ამასთან, ჭანტურია ამბობს, რომ აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ თვითნებრად შექმნა მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ინსტიტუტი. დევნილები ასევე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, გია გვაზავას გადადგომის მოთხოვნითაც გამოდიან.
მათ აქციაზე მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: "დასრულდეს გია გვაზავას რუხი კარდინალობა" და "პრემიერ-მინისტრო მოგვაქციეთ ყურადღება".