საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ღვინიაშვილის ინფორმაციით, კახეთში ატმის სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა.
როგორც ღვინიაშვილმა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულს ორი მიზეზი აქვს – ის, რომ ატამს ფასი არ აქვს და ის, რომ მისი რეალიზაციის საშუალება არ არსებობს.
"წინა წლებში მთავრობა მუშაობდა სხვადასხვა ქვეყანასთან, რომ პროდუქტის გასაღების პრობლემა არ ყოფილიყო, წელს ძალიან ბევრმა ადამიანმა არც კი მოკრიფა ატამი. შეგიძლიათ ჩაბრძანდეთ და ნახოთ, რომ ათობით ტონა ატამი ისევ ასხია ხეებს. მეც მინდა გლეხების სახელით მადლობა გადაგიხადოთ ხვნა-თესვასთნ დაკავშირებული ბარათების დარიგებისთვის, მაგრამ დაპირება იყო სხვა – ხვნა-თესვა და შემდეგ მოსავლის ბაზრამდე მიტანა", - განაცხადა ღვინიაშვილმა.
აღნიშნულ კონტექსტში მან მთავრობას მოუწოდა, საკითხით დაინტერესდეს, ადგილზე ჩავიდეს და "თუ რამე საშუალება არსებობს, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანებს მიეხმაროს".