TAX FREE-ით ქვითრით დღგ-ს დაბრუნების შემდეგ, ნივთი ერთ საათში უკან, საქართველოში შემოიტანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს , ს.გ.პ. "სადახლოს" ტერიტორიაზე სომხეთიდან ფეხით მოსიარულეთა დარბაზში საქართველოს მოქალაქე ლეილა ა. შემოვიდა, რომელსაც ხელზე თეთრსამაჯურიანი თვლებით გაწყობილი საათი ეკეთა. შემთხვევამდე 1 საათით ადრე მსგავს საათზე TAX FREE-ით თანხის დაბრუნების პროცედურა განხორციელდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ეჭვის საფუძველზე ლეილა ა-ს საათის საიდენთიფიკაციო ნომერი შეამოწმეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ საათზე, ღირებულებით 5875 ლარი, სომხეთის მოქალაქე დიანა ა-ს სახელზე, გამოწერილი იყო TAX FREE-ის ქვითარი. შესაბამისად, დიანა ა-მ დაიბრუნა დღგ 869.3 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ლეილა ა-ს ზეპირი განმარტებით მან და მისმა ძმისშვილმა, სომხეთის მოქალაქე დიანა ა-მ აღნიშნული საათი შეიძინეს საქართველოში, ერთ-ერთ მაღაზიაში, რაზეც გამოუწერეს დღგ-ს თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითარი დიანა ა-ს სახელზე. ამის შემდგომ ისინი გამოცხადდნენ ს.გ.პ "სადახლოს" ტერიტორიაზე, სადაც საბაჟო პროცედურების გავლის შემდეგ ერთად გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სომხეთის მიმართულებით და ბანკში დაიბრუნეს დღგ-ს თანხა. დაახლოებით 1 საათის გასვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქე ლეილა ა. შემობრუნდა საქართველოს ტერიტორიაზე, რა დროსაც მაჯაზე ეკეთა აღნიშნული საათი და ხელჩანთაში ჰქონდა დღგ-ს ქვითრით დაბრუნებული თანხა 869.3 ლარი.
ლეილა ა-ს განმარტებით, მან არ იცოდა, რომ არ შეიძლებოდა TAX FREE-ით გატანილი საქონლის განბაჟების გარეშე უკან, ქვეყანაში შემოტანა.
მოქალაქე ლეილა ა-ს განემარტა, რომ მის მიერ საქართველოში შემოტანილი საათი ექვემდებარებოდა დეკლარირებას და შესაბამისად, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევას, რაზეც მან უარი განაცხადა. მასვე განემარტა, რომ დაუდეკლარირებელი საათის შემოტანის შემთხვევაში დაჯარიმდებოდა კანონმდებლობის შესაბამისად. ლეილა ა-მ ასევე უარი განაცხადა წერილობითი ახსნა-განმარტების მოცემაზე, იქცეოდა გამომწვევად და მიუხედავად ს.გ.პ "სადახლოს" ოფიცრების გაფრთხილებისა, რამდენჯერმე თვითნებურად დატოვა საბაჟოს ტერიტორია.
მოქალაქე ლეილა ა. დაჯარიმდა 5875 ლარის ოდენობით საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, რომელზეც ხელი არ მოაწერა. ასევე, გამოიწერა სამართალდარვევის ოქმი, რითაც შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით, 277-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.