"ერთადერთი საკითხი, რაზეც ინტერფრაციული ჯგუფის ფორმატში შეთანხმება იყო მიღწეული, მაგრამ გადაიდო, პარტიების დაფინანსების ზრდის თემაა", – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ , დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა, სადაც პოლიტიკური პარტიების მხრიდან გამოთქმულ უკმაყოფილებას გამოეხმაურა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ინტერფრაქციულიმა ჯგუფმა სამი თვის განმავლობაში წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით იმუშავა.
"საუბარია, რომ თითქოს დაირღვა შეთანხმებები და ინტერფრაციული ჯგუფის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები შევცვალეთ. საკითხები, რომელზეც ცვლილებები დაიგეგმა, მომზადებულია. პრაქტიკულად ყველა საკითხი და თემა ინტერფრაციული ჯგუფის ფორმატში, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთვრობო ორგანიზაციების მონაწილეობით წარმოდგენილია კანონპროექტების სახით. ერთადერთი საკითხი, რომელზეც ინტერფრაციული ჯგუფის ფარგლებში იყო შეთანხება, მაგრამ ჩაითვალა, რომ მასზე გადაწყვეტილების მიღება 2-3 თვით გადაიდოს, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზრდის თემაა", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ამასთან, უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პარტიების დაფინანსების ის ნაწილი, რომელიც დღეს არსებულ შეზღუდვებს და შემომწირველების თემას ეხება, იცვლება და კანონპროექტის ამასაც ითვალისწინებს.
"ამ საკითხზე გადაწყვეტილების გადადებით მხოლოდ ისინი არ არიან "დაზარალებული". ყველა პარტია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, წმინდა ფინანსური თვალსაზრისით არის დაზარალებული. ასე რომ, პოლიტიკური პარტიები ჩვენ არ დაგვიყვია საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებად", – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.