C ჰეპატიტით ინფიცირებულები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამკურნალო მედიკამენტებზე ფასების დაწევას ითხოვენ. მათ დღეს აქცია ფარმაცევტულ კომპანია"როშესთან" გამართეს და კომპანიას მედიკამენტებზე ფასების დაწევისკენ მოუწოდეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, უკვე 15 წელია C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ერთი და იგივე ფასებია, ადამიანები კი გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებენ, რისი სახსრებიც არ გააჩნიათ.
აქციის მონაწილეებს საკუთარი შავ-თეთრი სურათები აქვთ ჩარჩოში ჩასმული და აცხადებენ, რომ არ უნდათ, რომ ეს სურათები რეალობად იქცეს.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, საქართველოში 200 000 ადამიანი C ჰეპატიტით ცხოვრობს და ამ დაავადების მკურნალობა 15 000 დოლარი ღირს, რისი გადახდის საშუალებაც პაციენტთა უმრავლესობას არ შეუძლია.
როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, მთავრობამ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგა. თუმცა, მათივე განმარტებით, მედიკამენტები კვლავ ძვირია და დაინფიცირებულ ადამიანებს მკურნალობის ხარჯები არა აქვთ.
"არ ღირს არანაირი მოგება- ადამიანის სიცოცხლის ფასად", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ორგანიზაცია "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა" ამ პრობლემასთან დაკავშირებით კამპანია უკვე დაიწყო. კამპანიის მიზანია მხარი დაუჭიროს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ზეწოლა მოახდინოს ფარმაცევტულ კომპანიებზე, რათა მათ მოახდინონ პრეპარატებზე ფასების საგრძნობი გაიაფება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 28 ივლისი არის ჰეპატიტის მსოფლიო დღედ გამოცხადებული. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი" და C ჰეპატიტით დაინფიცირებულები დღეს მორიგ აქციას უკვე სხვა ფარმაცევტულ კომპანიასთან გამართავენ.