მთავარი პროკურატურის განცხადებით, მამუკა ივანიაძის საუბრის ჩანაწერი კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა მოპოვებული.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 22 ივნისს, საქართველოს პროკურატურის მიერ გასაჯაროებული იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შპს "მექანიზატორის" რიგ თანამდებობის პირთა საქმეზე ბრალდებულ მამუკა ივანიაძის საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ნაწილი. აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ხსენებული ვიდეოჩანაწერის როგორც მოპოვება, აგრეთვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მისი დართვა, განხორციელებულია საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით და ხსენებული მოქმედებები მოქმედ საპროცესო მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.