საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს სალომე ზურაბიშვილს, მოქმედი კანონმდებლობით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლია. კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის მიხედვით , საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
"ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოფიციალური განაცხადი, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად იქნება წარმოდგენილი, ჯერ არ შემოსულა, თუმცა ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში, ცესკოს მხრიდან გადაწყვეტილება იქნება კანონის შესაბამისი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ეკა აზარაშვილმა.
მისივე განმარტებით, ორმაგი მოქალაქეობის ქონის გამო პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე ორ პირს უარი უკვე ეთქვა.
"ორ საინიციატივო ჯგუფს რეგისტრაციაზე უარი უკვე ვუთხარით. მიზეზი იყო სწორედ ის, რომ მათ მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს ჰქონდათ ორმაგი მოქალაქეობა. ერთი იყო ტარიელ ხვედელიძე, რომელიც საქართველოსთან ერთად ნიდერლანდების მოქალაქეა და მეორე - გიორგი გახოკიძე, რომელსაც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეობა აქვს", - აღნიშნა აზარაშვილმა.
ამასთან, ცესკოს სპიკერის თქმით, თუკი კონსტიტუციაში არსებული ეს შეზღუდვა მოიხსნება, ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალ ჩანაწერს აღასრულებს.
"როგორც იცით, კონსტიტუციურ ცვილებებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიაა შექმნილი. თუ კონსტიტუციაში შევა ცვლილება, რომელიც ამ შეზღუდვას მოხსნის და ახალი ჩანაწერი გაჩნდება, ჩვენ აღვასრულებთ იმას, რაც ეწერება კანონმდებლობაში", - აღნიშნა ცესკოს სპიკერმა.
ოფიციალური ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციის სურვილი ამ დროისთვის 23-მა პირმა გამოთქვა, საიდანაც ორს უარი ეთქვა. აღსანიშნავია, რომ 3 პირი პოლიტიკური პარტიის, დანარჩენი კი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია.
როგორც ცესკოში განმარტავენ, ოფიციალურად ჯერჯერობით არც ერთი კანდიდატის რეგისტრაცია არ მომხდარა.
"მათ ჯერ გარკვეული პროცედურები უნდა გაიარონ. კერძოდ, 17 სექტემბრის ჩათვლით ცესკოში მინიმუმ 26 530 მხარდამჭერთა ხელმოწერა უნდა წარმოადგინონ. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება მათი რეგისტრაციის საკითხი. ესაა აუცილებელი მოთხოვნა ყველა – როგორც პოლიტიკური პარტიის, ისე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატისთვის. კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი საბოლოოდ 27 სექტემბერს დასრულდება. სწორედ ამ დროისთვის გვეცოდინება ოფიციალურად ვინ იყრის კენჭს არჩევნებში", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ეკა აზარაშვილმა.
საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია ამჟამად საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავს, რომელიც, საქართველოს იმ მოქალაქის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების საკითხს ეხება, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.