სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში პროკურატურის თანამშრომელთა ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებს გასცდა , _ ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ ორგანიზაციის ოფისში გუშინ საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ძიება მიმდინარეობს იმ მეთოდებით, რომლებიც შესაძლოა თავად შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. კოჟორიძის მტკიცებით, 22 ივლისს, საქმეში ბრალდებულ მამუკა ივანიაძესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, არსებული ურთიერთშეუსაბამობები ადვილი შესამჩნევია.
"პრესრელიზში მითითებულია, რომ მამუკა ივანიაძის ჩვენების "ნამდვილობა და უტყუარობა, ამ ჩვენებისგან დამოუკიდებლად დადგენილია ათეულობით მოწმის ჩვენებებით, ამოღებული დოკუმენტებით, ნივთიერი, მათ შორის ვიდეო და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით". ამ ციტატიდან რამდენიმე წინადადების შემდეგ პრესრელიზში განსხვავებულ აღწერილობას ვხვდებით.
"ჩვენებაში დაფიქსირებული მონაცემები არსებითად ახალი და განსხვავებულია იმ მომენტისათვის არსებული საგამოძიებო ვერსიისგან, რითაც ეჭვგარეშე დასტურდება, რომ ამ ინფორმაციის მატარებელი იყო პირადად ივანიაძე და არა გამომძიებელი ან პროკურორი", შესაბამისად, გაუგებარი ხდება, თუ პროკურატურას უკვე ჰქონდა ივანიაძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და მისი ჩვენების ნამდვილობა დასტურდება "ათეულობით მოწმის" ჩვენებით და "სხვა ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით", მაშინ როგორ არის იგივე ჩვენება "არსებითად ახალი და განსხვავებული", _ აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ასევე მითითებულია, რომ ჩვენების მიღების მიზნით პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ერთ-ერთი ამოცანა იყო იმის განსაზღვრა, წარმოადგენდა თუ არა ივანიაძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ცრუ ჩვენებას.
"იქვე მითითებულია, რომ გამოძიებით ამ საკითხს "ამომწურავად გაეცა პასუხი". პრესრელიზის დასასრულს კი მითითებულია, რომ "ივანიაძის მხრიდან ცრუ დასმენის დადასტურების შემთხვევაში მიღებული იქნა კანონშესაბამისი გადაწყვეტილება", მარტივად, რომ ვთქვათ, პრესრელიზის თანახმად გამოდის, რომ უდავოდ დადასტურდა ის, რაც ჯერ კიდევ დადასტურებული არ არის", _ განაცხადა კახა კოჟორიძემ.
საიას თავმჯდომარემ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, არაპროფესიონალის თვალითაც ნათლად ჩანს, რომ ვიდეომასალა უწყვეტ რეჟიმში მოწოდებული არ არის და იგი დამონტაჟებულია.
"ფაქტია, რომ ვიდეოგადაღება მოხდა ფარულად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. როგორც ჩანს კამერა თავად პროკურორ გიორგი დავითაშვილს ჰქონდა დამონტაჟებული, შესაბამისად, გასარკვევია სისხლის სამრთლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ჰქონდა თუ არა გამოძიებას სასამართლოს ნებართვა ფარული ჩანაწერის განხორციელებაზე. სასამართლოს ნებართვის არ არსებობის შემთხვევაში, იმ პირთა ქმედებებში, ვინც ფარული ჩანაწერის გაკეთება დაგეგმა ან განახორციელა, დანაშაულის ნიშნები იკვეთება", _ განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, პროკურატურაში კვლავ არიან ის პირები, რომელთა ქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით, წინა წლებში კითხვები არსებობდა. საიას თავმჯდომარე შოთა ტყეშელაშვილის მაგალითზე საუბრობს.
"მაგალითად ის პროკურორი, რომელიც 2013 წლის 22 ივლისს პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე დამაჯერებლად უხსნიდა საზოგადოებას, რომ ივანიაძეზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა, 2012 წლის 22 ივნისს, ასევე იმ საქმეში, სადაც საიას ადვოკატები იყვნენ ჩართულნი, იმავე დამაჯერებლობით უხსნიდა საზოგადოებას, რომ შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგი" ანტენების გადაცემის მეშვეობით ამომრჩეველთა მოსყიდვას აწარმოებდა", _ განაცხადა კახა კოჟორიძემ.