საარჩევნო კანონმდებლობაში და მასთან ერთად "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გავა .
"საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებები პარლამენტს ოთხი სხვადასხვა პროექტის სახით წარედგინა. ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში მომზადებული ინიციატივებით, არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა იზღუდება. დგინდება იმ თანამდებობების ჩამონათვალი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატობასთან არის შეუთავსებელი.
ცვლილებები არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორის კომისიასაც შეეხება, რომელიც უშიშრობის საბჭოს დაქვემდებარებიდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. ასევე შემოდის საარჩევნო სიის ბიომეტრიული პარამეტრებით ფორმირებების წესი. ამავე ცვლილებების ფარგლებში გათვალისწინებულია დაურეგისტრირებელი ამომრჩევლისთვის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა.
რაც შეეხება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონს და მასში დაგეგმილ ცვლილებებს, პარლამენტში წარდგენილი პროექტის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ პარტიებს შემოწირულობების მიღების კუთხით კანონით დღეს დაწესებული შეზღუდვები მოეხსნებათ, თუმცა არაფერი იცვლება საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიმართულებით.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიმართება. მანამდე კი დეპუტატები განსახილველ საკითხებს ბიუროს ფორმატში შეათანხმებენ.