ე.წ მოდულის შენობაში, შსს-ს ანტიკორუფციულ სააგენტოში საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს დავით კირვალიძეს გუშინ ხუთი საათის განმავლობაში კითხავდნენ . დაკითხვა დაახლოებით 23.00 საათამდე გაგრძელდა.
როგორც კირვალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დაკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, გამოძიებას კი ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა.
"კითხვების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. ყველა კითხვაზე გაიცა ამომწურავი პასუხი. დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ. თუ გახდება საჭირო კიევ ჩემი დაკითხვა, კიდევ გავცემ პასუხებს, ეს გამოძიებაზეა დამოკიდებული", _ აღნიშნა დავით კირვალიძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, თუ როგორი წესით განხორცილდა ტრაქტორების შესყიდვა, კირვალიძემ აღნიშნა, რომ შესყიდვა "ყველაზე გამართული მეთოდით განხორციელდა".
რაც შეეხება მამუკა ივანიაძის საკითხს, კირვალიძის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, დაკითხვაზე ამაზე საუბარი არ ყოფილა. კომპანია "ზეტორის" საქართველოს წარმომადგენლობის მენეჯერ გივი ქაიხოსროშვილისთვის ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით კი ადვოკატმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
საქმე სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის საქმის გამოძიებას ეხება, რისთვისაც მიმდინარე წლის მაისში შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შპს ,,მექანიზატორის" მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს.