"ხელისუფლება ამ ეტაპზე ქვეყნის უკუსვლის პროცესს აჩერებს"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, "ხელისუფლება ამ ეტაპზე ქვეყნის უკუსვლის პროცესს აჩერებს".

ამის შესახებ სანიკიძემ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" "ეროვნული ფორუმის" მთაწმინდის ორგანიზაციის სადამფუძნებლო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


სანიკიძის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალ ხელისუფლებას მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა.

"ჩვენ იმ ბოროტების შედეგებს, რაც "ნაციონალებმა" გააკეთეს, მომავალში ჯერ კიდევ ვიგრძნობთ. ქვეყანაში ეკონომიკა არ არსებობს, არაფრის მწარმოებლები ვართ, სერიოზული ბაზრები და ინვესტიციები დავკარგეთ. დავკარგეთ ტერიტორიები, რუსეთმა ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და რა პირობებში მოხდა ეს აღიარება, ეს შესასწავლია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, გვეუბნებოდნენ, რომ საქართველო ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა. ქვეყნის წინსვლისთვის პირველ რიგში, რაც უნდა გავაკეთოთ ისაა, რომ საქართველოს უკუსვლა შევაჩეროთ. ეს პროცესი ახლა მიდის, რომლის დასრულების შემდეგ ყოველდღიური რუტინით უკვე ქვეყნის ფეხზე დაყენება მოგვიწევს”, - განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, ეროვნული ფორუმი 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების თემას არ შეეშვება.

"ომის თემის მიჩუმათება გადავიწყება და სხვა ვითომ უფრო მნიშვენლოვანი პრობლემით ჩანაცვლება არ მოხდება, ჩვენ ამ თემას არ მოვეშვებით. ქართულმა საზოგადოებამ ყველა კითხვაზე უნდა მიიღოს პასუხი თუ რა მოხდა 2008 წელს, როგორ დავთმეთ სტრატეგიული ხეობები, როგორ მოხდა ახალგორისა და კოდორის თოფის გასროლის გარეშე ჩაბარება, ეს ყველაფერი გამოძიებული იქნება. სამართლის ურემი ყველას მიაკითხავს, ვინც ამ ქვეყანას ზურგში დანა ჩასცა, გაძარცვა", - განაცხადა სანიკიძემ.