არასაპარლამენტო ოპოზიცია ხვალ, ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან აქციას გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელმა გიორგი წულაიამ განუცხადა, მასში ყველა ის ოპოზიციური პარტია მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობდა.
"როგორც ცნობილია, პოლიტიკური მხარები შევთანხმდით, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ცვლილებები შევიდოდა ორ კანონში: საარჩევნო კოდექსსა და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონმდებლობაში. შეთანხმება არსებობდა, თუმცა, მმართველმა გუნდმა ბოლო მომენტში პროცესი ჩაშალა და გამოგვიცხადა, რომ ქვეყანა ამ ტიპის ცვლილებების მისაღებად მზად არაა და ისევ იგივე კანონმდებლობით აპირებს არჩევნების ჩატარებას. ჩვენ ხელისუფლების ტყუილს ვაპროტესტებთ – ხელისუფლებამ არ უნდა იკადროს ტყუილის თქმა და არ უნდა დაემსგავსოს "ნაციონალურ მოძრაობას", - აღნიშნა გიორგი წულაიამ.
მისივე განმარტებით, არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნაა, ხელისუფლებამ ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში მიღწეული შეთანხმება შეასრულოს.
ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან აქცია ხვალ, 12:00 საათზე დაიწყება.