სასჯელაღსრულების #11 დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრები ეწვივნენ. ვიქტორ სანიკიძე, ვაჟა მეტრეველი და მანუჩარ მარკოიშვილი დაწესებულებაში მყოფ მოზარდებს "არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში შეხვდნენ.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მსგავსი შეხვედრები სისტემატურად ეწყობა სპორტსმენებთან, მწერლებთან, საზოგადო მოღვაწეებთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან.
"არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა" მიზნად ისახავს სპორტის, არაფორმალური განათლებისა და კულტურულ-შემეცნებითი აქტივობების გამოყენებით არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას.
ამ ეტაპზე, #11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ფეხბურთისა და რაგბის სწავლება, ასევე ხეზე კვეთისა და ხის მხატვრული დამუშავების გაკვეთილები, ასევე კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსები იმართება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან სპორტული წვრთნები, კულტურულ-შემეცნებითი, საგანმანათლებლო ტრენინგები და სახელობო სწავლების გაკვეთილები წლის ბოლომდე გაგრძელდება.