ნინო ბურჯანაძე სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეხვდა

ნინო ბურჯანაძე სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეხვდა

"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე და პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს სამშობიარო სახლში კომპაქტურად ჩასახლებული სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეხვდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, ნინო ბურჯანაძეს მათთან შეხვედრა თავად სოციალურად დაუცველებმა სთხოვეს.

"მე არ ვიცი როგორ ახერხებენ აქ მცხოვრები ქალბატონები იმას, რომ ბავშვები იყვნენ ასეთი კარგი მოვლილნი. ამ გაჭირვების მიუხედავად, მე ვიყავი აღფრთოვანებული იმით, რომ ღიმილით შეგვხვდა აქ მცხოვრები მოსახლეობა. მე ვნახე ოთახი, სადაც უბრალოდ შეუძლებელია ცხოვრება. სოციალურმა აგენტმა, იმის გამო, რომ მოქალაქემ ნაგავსაყრელზე იპოვა რაღაც სამშენებლო მასალა და მისი ხელით გააკეთა რემონტი, მოუხსნა 120 ლარიანი დახმარება", - განაცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს რესურსი, რომ ამ ტიპის მოქალაქეების დახმარებისთვის სპეციალური პროგრამა შემუშავდეს.

"ამ ადამიანებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა დაიკანონონ ფართი, შემდეგ ინვესტორი უნდა მოიძებნოს, რომელიც ამ ადგილით დაინტერესდება, ან აშენდება სოციალურად დაუცველებისთვის დროებითი საცხოვრებლები. ფაქტია, რომ ამ ადამიანებს ყურადღება სჭირდებათ. ჩვენ შევთანხმდით, რომ არც მოქალაქეობის დატოვებაზე, არც სხვა ქვეყნისათვის მიმართვაზე საუბარი არ იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ამ ადამიანებს აგრძნობინოს, რომ ისინი ამ ქვეყნის შვილები არიან და მათზე ხელისუფლება ზრუნავს", – აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ნინო ბურჯანაძესთან ერთად სოციალურად დაუცველი მოსახლეობა მოინახულეს "დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრმა თამარ ცინცაბაძემ, "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრმა გია ბურჯანაძემ, "დემოკრატიული მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიგლა ბარამიძემ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა, "დემოკრატიული მოძრაობისა" და "სახალხო კრების" წევრებმა.

 ,