იპოთეკით დატვირთულ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების შესახებ პარლამენტში ინიცირებულ პროექტს მთავრობა მხარს არ უჭერს.
ამის შესახებ განცხადება მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატ გედევან ფოფხაძის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ინიციატივას რამდენიმე საათის განმავლობაში საკმაოდ ემოციურ ფონზე იხილავდნენ.
როგორც თადუმაძე აცხადებს, გაუგებარია, როგორ იმოქმედებს იძულებით აღსრულებაზე ექვსთვიანი მორატორიუმის გამოცხადება, სამართლებრივ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე.
"რეალურად, შემოთავაზებული 6-თვიანი მორატორიუმის ვადის გასვლის შემდეგ, მდგომარეობა არ იცვლება. არსებობს გადაწყვეტილებები, რომელიც მხოლოდ აღსრულებას ექვემდებარება და არ ექვემდებარება არც გასაჩივრებას და არც გადახედვას. შესაბამისად, ექვსი თვის გასვლის შემდეგ, ისევ ის მოცემულობა დგება, რაც ამ წუთში გვაქვს. საქმე კერძო, ორმხრივ ურთიერთობებს ეხება და თუ ჩვენ ვიცავთ იმ პირის უფლებებს, რომლებმაც ფული ვერ გადაიხადეს, უნდა დავიცვათ იმათი უფლებებიც, რომლებმაც ფული გაასესხეს და უკან ვერ დაიბრუნეს. ამასთან, ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მკაცრი რეგულაციების ქვეშ მოქცეული სიბიექტები არიან, რომლებიც ამ ოპერაციებს ახორციელებენ, მათი განხორციელების შედეგად გადიან რაღაც რისკზე, ყველა ეს ოპერაცია იბეგრება და იხდიან შესაბამის გადასახადს. გამომდინარე აქედან, ჩვენ დღეს ამ ორგანიზაციებს ვეუბნებით, რომ თქვენ ფული სხვა რისკის ქვეშ გაასესხეთ, გასესხების შედეგად სარგებელი ვერ მიიღეთ და მე დღეს აღსრულებას ვაჩერებ. ბუნებრივია, შესაძლოა ამან ფინანსუსრ ბაზარზე იმოქმედოს და რისკი გაზარდოს", – აცხადებს შალვა თადუმაძე.
გარდა ამისა, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ითქვა, იუსტიციის სამინისტრო ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმად, წესდება საპროცესო განაკვეთის ზედა ჭერი. როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, სამომავლოდ, მსგავსი ურთიერთობების წარმოქმნისას 60, 70 და 500 პროცენტიანი სესხის დადგენა შეუძლებელი უნდა იყოს, ხოლო იპოთეკური სესხის აღებაზე სავალდებულო გახდეს მისი ნოტარიალური წესით დამტკიცება.
ამავე პროექტის გათვალისწინებით, თუკი ვერ შესრულდა სასესხო ვალდებულებები და კრედიტორმა იძულებითი აღსრულება მოითხოვა, ასეთ შემთხვევაში მსესხებელს მიეცემა უფლება, თავად გაყიდოს ქონება და შეძლოს ვალის დაფარვაც და სხვა საცხოვრებლის შეძენაც.