საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფრანგეთის ნოტარიუსთა უმაღლესი საბჭოს დელეგაცია ესტუმრა. სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრები დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიიღო. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთის ნოტარიატის თანამშრომლობისა და სისტემის განვითარების პერსპექტივებს, გარიგებების სანოტარო წესით დამოწმების უპირატესობასა და სხვა საკითხებს შეეხო.
საფრანგეთის ნოტარიუსთა უმაღლესი საბჭოს დელეგაციის წევრებმა შეხვედრები საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში უკვე გამართეს. მხარეებმა სანოტარო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ასევე ნოტარიატისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს.
საქართველოს დელეგაცია საფრანგეთის ნოტარიუსთა უმაღლეს საბჭოს 22 აპრილს სტუმრობდა და ქართული ნოტარიატისთვის აქტუალურ საკითხებზე საფრანგეთის გამოცდილებას გაეცნო.
23 ივლისს ნოტარიუსთა პალატაში დაწყებული კონფერენცია 24 ივლისს უკვე ბათუმში, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაგრძელდება. კონფერენციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე დავით ჯანდიერი გახსნის.