შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

2013 წლის 23 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე კომპანია „ზეტორის“ საქართველოს წარმომადგენლობის მენეჯერს, ბრალდებულ გივი ქაიხოსროშვილს წარედგინა ახალი ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში წაქეზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წაქეზების, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და ექსპერტებზე ზემოქმედების განხორციელებისათვის.

ახალი ბრალდების წარდგენას საფუძვლად დაედო საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგი, რომელიც ჩატარდა შპს აგრარული უნივერსიტეტის საცდელი ბაზების სართიჭალის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე 2013 წლის 17 ივლისს, რომლის შედეგებსაც საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროებთ.

საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად: „ZETOR PROXIMA POWER 120“ მარკისა და „NEW HOLLAND TD5 110“ მარკის ტრაქტორების ურთიერთშედარებით დადგინდა, რომ ექსპერიმენტის ოთხივე კომპონენტში, რაც მოიცავდა: საცდელი ხნულების გატარებას, მიწის მოხვნას, ხნულების სიღრმესა და მოხვნის დროს „NEW HOLLAND TD5 110“ მარკის ტრაქტორმა მოიპოვა აბსოლუტური უპირატესობა. ექსპერიმენტის მიმდინარეობამ, რომელშიც მონაწილეობდნენ გამოცდილების მქონე მექანიზატორები, ცხადყო, რომ „ZETOR PROXIMA POWER 120“ მარკის ტრაქტორმა შეფერხებით შეასრულა მიწის სამუშაოები.

საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგები გამყარებულია მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით.

ექსპერიმენტში მონაწილე „NEW HOLLAND TD5 110“ მარკის ტრაქტორი, იმ ტრაქტორების გაუმჯობესებული მოდელია, რომელიც 2001-2002 წლებში, დავით კირვალიძის მინისტრობის პერიოდში იქნა შესყიდული სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.

ხოლო, „ZETOR PROXIMA POWER 120“ მარკის ტრაქტორი სწორედ ის მარკაა, რომლის საქართველოს ბაზარზე შემოყვანას უკვე 2012 წლის ბოლოს ერთობლივად ლობირებდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები და შპს „მექანიზატორის“ ხელმძღვანელები, ხოლო ჩეხური კომპანიის წარმომადგენლობას საქართველოში ხელმძღვანელობდა შპს „მექანიზატორის“ დირექტორთან - ვაჟა ნახუცრიშვილთან დაახლოებული პირი - ბრალდებული გივი ქაიხოსროშვილი.

ZETOR-ის გამარჯვების უზრუნველსაყოფად, სწორედ ვაჟა ნახუცრიშვილმა და გივი ქაიხოსროშვილმა, ურთიერთშეთანხმებულად და მიზანმიმართულად შეაცვლევინეს „ზეტორის“ სათაო ოფისის წარმომადგენლებს თავისუფალი წვდომის ინტენეტ-რესურსზე გამოქვეყნებული მახასიათებლები და ხელოვნურად გააზრდევინეს ტრაქტორის ცხენის ძალა იმ ნიშნულამდე, რომელიც, მინისტრის ბრძანებით შექმნილი და ნდობით აღჭურვილი პირებით დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა ზეტორის სასარგებლოდ მიზანმიმართულად განსაზღვრეს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გამოძიება ასაჯაროებს ვაჟა ნახუცრიშვილს, გივი ქაიხოსროშვილსა და „ზეტორის“ სათაო ოფისის წარმომადგენლებს შორის სპეციფიკაციების შეცვლასთან დაკავშირებული საუბრის შინაარსს.