თეა წულუკიანი:  ახალ ხელისუფლებას ქვების სროლასთან საერთო არაფერი აქვს

თეა წულუკიანი: ახალ ხელისუფლებას ქვების სროლასთან საერთო არაფერი აქვს

ახალ ხელისუფლებას ქვების სროლასთან საერთო არაფერი აქვს, - ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ზუგდიდსა და ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის დროს მომხდარ ინციდენტებთან მიმართებაში რიგი ოპოზიციონერის მიერ "ქართული ოცნების" დაკავშირებას. 

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნული საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, "ქართული ოცნება", როგორც პოლიტიკური კოალიცია და საქართველოს მთავრობა მომხდარს ემიჯნება.

"რაც შეიძლება მალე უნდა დაესვას წერტილი ისეთ სამარცხვინო ფაქტებს, როგორიც ზუგდიდსა თუ სხვა რაიონში ვიხილეთ. "ქართული ოცნება", როგორც პოლიტიკური კოალიცია და საქართველოს მთავრობა ემიჯნება ამ ფაქტებს, რადგან ოპონენტების მოსაზრების საწინააღმდეგო ახალ ხელისუფლებას არაფერი აქვს. ახალ ხელისუფლებას არაფერი აქვს საერთო ქვების სროლასთან და დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერ პარტიას, მათ შორის, დღევანდელ საპარლამენტო ოპოზიციას უნდა შეეძლოს თავის მხარდამჭერებს შეხვდეს თავისუფალ პირობებში, ისე, რომ მათ ვინმემ ქვა არ ესროლოს", - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მეორე საკითხია, "რა დღე დააყენა "ნაციონალურმა მოძრაობამ" იმ ხალხს, რომელიც ქვებს ისვრის", თუმცა ეს თემები ქუჩაში არ უნდა ირჩეოდეს და ამისთვის სასამართლო არსებობს".