სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე ე.წ. მოდულის შენობაში ისევ დაკითხვაზეა დაბარებული. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, დავით კირვალიძეს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში 18.00 საათზე ელოდებიან.
საქმე სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის საქმის გამოძიებას ეხება, რისთვისაც მიმდინარე წლის მაისში შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შპს ,,მექანიზატორის" მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს.
აღნიშნულ საკითხზე დავით კირვალიძე ანტიკორუფციულ დეპარტამენტში მოწმის სტატუსით წუხელაც დაიკითხა. როგორც მან დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას კითხვები სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს "მექანიზატორის" საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს. დავით კირვალიძემ დაკითხვის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დაკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. კირვალიძის გაცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და სასამართლოზე ყველაფერი გამოჩნდება.