თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია ზუგდიდსა და ბათუმში, 20 და 21 ივნისს მომხდარ ინციდენტებს ეხმაურება.
როგორც კომისიის თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებაშია ნათქვამი, ის შეშფოთებას გამოთქვამს აღიშნულ ქალაქებში ოპოზიციური პარტიის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების და ამ ინციდენტებზე სამართალდამცავი ორგანოების არაადეკვატური რეაგირების გამო.
"მსგავსი ინციდენტები და მათზე არასათანადო რეაგირება წინააღმდეგობაშია იმ გზავნილებთან, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომლის მოქმედების შედეგად აქტივისტებს არ მიეცათ შესაძლებლობა, ჩაეშალათ "ნაციონალური მოძრაობის" ღონისძიება, პოლიციამ ვერც პირისპირ შეურაცხყოფა, ვერც ფიზიკური შეურაცხყოფა ვერ აღკვეთა. უფრო მეტიც, სახეზე იყო პოლიციის მიმართ კონტრდემონსტრანტთა მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა და აშკარა დაუმორჩილებლობა. ამასთანავე მოძალადეთა მიმართ 100- ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გამოყენება არაადეკვატური სასჯელია, რაც შემდგომში ძალადობის წამახალისებელ ფაქტორადაც კი შეიძლება იქცეს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა სახეზეა შემთხვევები, როცა მშვიდობიანი პროტესტის გამო სტუდენტებს 1000 ლარით აჯარიმებენ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ პრობლემები 2012 წლის 1 ოქტომბრის საარჩევნო კამპანიისას, ღია შეხვედრების დროსაც არსებობდა და მაშინ სამართალდამცავები ადმინისტრაციული პატიმრობის ფორმას მიმართავდნენ.
"2012 წლის რამდენიმე საარჩევნო ინციდენტის დროს (მერეთი, კარალეთი) ადგილზე მობილიზებული არ ყოფილა პოლიცია, განსხვავებით ზუგდიდის შემთხვევისგან, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ფლობდა ინფორმაციას ოპოზიციის ღონისძიების პარალელურად კონტრაქციის ორგანიზების შესახებ. საპარლამენტო არჩევნების დროს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, უწყებათშორისი კომისიის მეშვეობით, ხდებოდა სამართალდამცავთა ინფორმირება ოპოზიციური პარტიის მიერ დაგეგმილი აქციების თაობაზე, რაც ინციდენტების პრევენციის შესაძლებლობას იძლეოდა. თანამშრომლობის ამგვარი ფორმატის შედეგად, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შეხვედრებმა და მიტინგებმა ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაირა იმ შემთხვევებში, როცა პოლიცია წინასწარ ფლობდა ინფორმაციას დაგეგმილი საარჩევნო ღონისძიებების შესახებ", - აღნიშნა ბოკერიამ.
მისივე განცხადებით, პოლიტიკური მოტივით ძალადობის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, ანალოგიურ შემთხვევებში სამართალდამცავმა ორგანოებმა ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ან უფრო სერიოზულ ვითარებებში, როგორიცაა ზუგდიდის შემთხვევა, სისხლის სამართლებრივ დევნას მიმართონ.
"მით უმეტეს, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს აქცია ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენელთა მიერ იყო ორგანიზებული. მნიშვნელოვანია ასევე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიციამ ითანამშრომლოს საარჩევნო სუბიექტებთან როგორც ინფორმაციის გაცვლის, ასევე შესაძლო კონფრონტაციის შემთხვევაში მყისიერი და ეფექტური რეაგირების კუთხით", - განაცხადა ბოკერიამ.