იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საპარლამენტო მდივანმა იკამათეს. ვახტანგ ხმალაძემ დღეს თათული თოდუას მიკროფონის გამორთვაც კი მოსთხოვა.
თავდაპირველად დავა მათ შორის მაშინ დაიწყო, როცა თოდუამ ხმალაძეს სხდომის მიმდინარეობის შეჩერება და შესვენების გამოცხადება სთხოვა, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ არ გაითვალისწინა. კერძოდ, მოწმეებთან დაკავშირებით "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექში" დაგეგმილი ცვლილების განხილვის მომენტისათვის, დარბაზში სულ სამი დეპუტატი: თავად ვახტანგ ხმალაძე და მისი ორი მოადგილე – შალვა შავგულიძე და თამაზ ავდალიანი იმყოფებოდნენ. საია-ს წარმომადგენელმა კომიტეტის ხელმძღვანელს სთხოვა, სხდომა და საკითხის განხილვა შეეჩერება მანამ, სანამ დარბაზში ქვორუმისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობა არ იქნებოდა. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საპარლამენტო მდივნის ეს მოთხოვნა ხმალაძემ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ "მას დეპუტატების ძალით მიყვანის მექანიზმი არ გააჩნია", ხოლო არსებული სანქციები არაეფექტურია. ხმალაძემ ხაზგასმით განაცხადა ისიც, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი კომიტეტს აუცილებლად უნდა განეხილა და სხდომას ვერ შეაჩერებდა.
ამის შემდეგ მათ შორის კამათი "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მოჰყვა, რომლის თანახმადაც, საჯარო სამსახურებში მოვალეობის შემსულებელთა ერთ კატეგორიას უფლებამოსილების ვადა 2013 წლის ბოლომდე უგრძელდება. საია-ს განცხადებით, პარლამენტმა ვადის გადაწევა არ უნდა დაუშვას, ხოლო აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კონკურსების კანონით დადგენილ ვადებში ჩატარება უნდა უზრუნველყოს.
აღნიშნული საკითხის გარშემო თათული თოდუასა და ვახტანგ ხმალაძეს შორის გამართული კამათი იმით დასრულდა, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ მას რამდენჯერმე მიკროფონის გამორთვა მოსთხოვა.