თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებამდე 7-8 თვით ადრე თვითმმართველობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება საერთაშორისო ნორმების დარღვევაა.
ამის შესახებ უგულავამ "თავისუფალი საქართველოს" ლიდერის კახა კუკავას ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის მერის იმპიჩმენტის პროცედურები უნდა გამარტივდეს.
"ეს არის აბსურდი და აბსურდია მარტივი მიზეზის გამო: როცა ადგილობრივ არჩევნებამდე დარჩენილია 7-8 თვე, ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომელიც მოქმედ თვითმმართველობას ეხება, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა იქნება. ასე, რომ, მგონია, ბატონი კუკავა მხოლოდ საკუთარ სურვილებს ახმოვანებს, თუმცა ჩვენ ქვეყანაში ყველაფერია შესაძლებელი, მათ შორის, ის, რომ პარლამენტმა სრულიად დაუსაბუთებელი კანონიც მიიღოს. მაგრამ მე მგონია, რომ ეს უბრალოდ, ჩვეულებრივი პიარის ნაწილია", - განაცხადა გიგი უგულავამ.