ბიომეტრიული საარჩევნო სიის ფორმირება ბიუჯეტს დაახლოებით 8 მილიონი ლარი დაუჯდება. ეს სავარაუდო თანხაა, რომელიც "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაასახელა.
დეპუტატებმა დღეს მუხლობრივად საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილბები განიხილეს, რომლის თანახმადაც, 2014 წელს საკრებულოებისა და თბილისის მერის არჩევნები ამომრჩეველთა ბიომეტრიული სიით უნდა ჩატარდეს.
"ბიომეტრიული საარჩევნო სიის ფორმირება ბევრად ნაკლები დაჯდება, ვიდრე ამაზე წინა ხელისუფლება საუბრობდა, როცა ასობით მილიონს ასახელებდა. ჩემი ინფორმაციით, ბიომეტრიული სიის შედგენისთვის 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯება და შეიძლება თანხა კიდევ უფრო ნაკლებიც იყოს. სიის შედგენას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტო განახორციელებს და ეს იქნება პირველი შემთხვევა კავკასიის რეგიონში, როცა სახელმწიფო უწყება პასუხისმგებლობას იღებს სიის ფორმირებაზე ბიომეტრული პარამეტრებით. საქართველო პირველი ქვეყანა იქნება, ვინც ბიომეტრიულ რეგისტრაციას გაატარებს რეგიონში", – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზაქარია ქუცნაშვილმა.
ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში მომზადებული პროექტის თანახმად, ამომრჩეველთა ერთიანი სია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და დედაქალაქის - თბილისის მერის არჩევნებისათვის არის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტაციიდან მოხსნილი, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე იმ პირთა სია, რომელთაც გავლილი აქვთ ბიომეტრიული რეგისტრაცია 2014 წლის არჩევნებისთვის. ბიომეტრიული რეგისტრაცია საქართველოში მყოფი ამომრჩევლისათვის დასრულდება არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე–11 დღისა.
ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები: გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით); საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი (ბიომეტრიული რეგისტრაციის თარიღი), ამომრჩევლის ბიომეტრიული ფოტოსურათი, სქესი.
ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. კანონპროექტის თანახმად, სააგენტო ერთიანი სიის ფორმირებას "კარდაკარის" პრინციპის გამოყენებით განახორციელებს.