აჭარაში პრობაციონერთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდამჭერი ოთხთვიანი პროგრამა წარმატებით დასრულდა.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაცია - ,,წამების მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის" წარმომადგენლებმა, სხვადასხვა პროგრამით, 50 პრობაციონერი გადაამზადეს.
"ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და დასაქმების ხელშემწყობი პროგრამები ჩატარდა როგორც სრულწლოვან მამაკაცთა და ქალთა, ისე არასრულწლოვანთა მიზნობრივ ჯგუფებისთვის. სპეციალური სალექციო კურსები მიეძღვნა ნარკომანიის, აზარტული თამაშების, ალკოჰოლისა და თამბაქოს მავნე ზემოქმედების საკითხებს. რისკებისა და საჭიროებების მიხედვით გამოვლენილ პრობაციონერებთან ინდივიდუალურ საკონსულტაციო სეანსებს მართავდნენ ცენტრის ფსიქოლოგები", - აცხადებენ პრობაციის ეროვნულ ცენტრში.
აღსანიშნავია, რომ პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ანალოგიური პროექტების შესყიდვაზე კონკურსი კვლავ გამოაცხადა. ამჯერად სარეაბილიტაციო პროგრამები იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და გურიის რეგიონებში განხორციელდება.
"პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მიერ პირობით მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების მხარდაჭერა, "სისხლის სამართლის რეფორმის" საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემადგენელი ნაწილია", - განმარტავენ სააგენტოში.