საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, "ყველა ქვა და კვერცხი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით ისვრიან, ქართულ სახელმწიფოს ხვდება".
ამის შესახებ ფოფხაძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგი წერეთლის მიერ გამოქვეყნებული იმ ვიდეომასალისა და ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც ზუგდიდის თეატრთან შეკრებილი ადამიანების მობილიზებას - რომლებმაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და დელეგატებს ქვები და ბოთლები დაუშინეს - უშუალოდ "ქართული ოცნების" აქტივისტები, გამგებლები, მათი მოადგილეები, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული აქტივისტები ახდენდნენ.
"მე მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ თუ იქ ვინმემ, პერსონალურად რაიმე ფორმით დაკავშირებულმა "ქართულ ოცნებასთან" მიიღო მონაწილეობა, ამ ადამიანებს ძილან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ყველა ქვა და კვერცხი, რომელსაც ისინი ისვრიან "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით, ხვდება ქართულ სახელმწიფოს. ეს იყო სწორედ პირველი ოქტომბრის წარმატების წინაპირობა, რომ ჩვენ არჩევნების გზით, კანონიერად და კონსტიტუციურად უნდა შეგვეცვალა პოლიტიკური რეალობა და არა ძალადობით. ამიტომ თუ ვინმემ ამ პროცესებში მიიღო მონაწილეობა, "ქართული ოცნება" მათ ცალსახად გაემიჯნება", - განაცხადა ფოფხაძემ.