საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიას მობილურ ოპერატორებთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაციით გაშუქებაში ადანაშაულებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომისია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"კომისიამ 2013 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მობილურ ოპერატორებს "მაგთიკომს", "ჯეოსელს" და "ბილაინს" ქმედების განხორციელება დააკისრა, კერძოდ სამივე მობილურმა კომპანიამ 2013 წლის 16 ოქტომბრამდე კომისიაში უნდა წარმოადგინონ განცალკავებული ფორმით გასული ექვსი თვის განმავლობაში კომპანიების შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა იყოს აუდიტორული კომპანიის მიერ დამოწმებული.
შეგახსენებთ, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწერებდა შპს "კავკასიის ციფრული ქსელების" საჩივარი სამივე მობილური ოპერატორის წინააღმდეგ. შპს "კავკასიის ციფრული ქსელების" პრეტენზია ეხებოდა ამ სამი კომპანიის მხრიდან კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობას. კერძოდ, ქსელის შესაბამის ელემენტებთან არადისკრიმნაციული და ერთგვაროვანი პირობებით დაშვებას და კომისიისგან, "კავკასიის ციფრული ქსელები", სამივე ოპერატორზე სანქციის დაკისრებას ითხოვდა.
კომისია საჩივრის განხილვის პროცესში, მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, მივიდა ზემოთ ხსენებულ 2013 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებამდე და "მაგთიკომს", "ჯეოსელს" და "ბილაინს" ქმედების განხორციელება დააკისრა, რის საფუძველზე კომისიას შესაძლებლობა მიეცემა გაერკვეს ხორციელდებოდა თუ არა მობილური ოპერატორების მხრიდან სხვა ოპერატორების დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენება.
ამ საკითხის გაშუქების დროს რიგმა საინფორმაციო საშუალებებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, ამიტომ კომისიამ გადაწყვიტა განმარტებითი განცხადება გაევრცელებინა:
1. კომისიამ იმსჯელა "კავკასიის ციფრული ქსელების" საჩივრის საფუძველზე და განიხილა სამი მობილური ოპერატორის მხრიდან შესაძლო დარღვევები.
2. კომისიამ სამ მობილურ ოპერატორს დააკისრა გარკვეული ქმედების განხორციელება "ელექტონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. რადგანაც კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხის ღრმად შესასწავლად საჭირო იყო დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა კომპანიების მხრიდან. რისთვისაც სამტვიანი ვადა განისაზღვრა. (შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციის განცალკავებული ფორმით წარმოდგენა).
3. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს კომისიის ქმედებებმა (საბითუმო ბაზრის სეგმენტზე დისკრიმინაციის აკრძალვის გამოვლენა) შესაძლოა საცალო ტარიფების მატება ავტომატურად გამოიწვიოს არასწორია.
კომისიამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თავისი გადაწყვეტილებებით არაერთხელ დაწია მობილური სატელეფონო მომსახურების ბაზრის, როგორც საბითუმო (ურთიერთჩრთვა) ასევე, საცალო ტარიფი. კომისიამ დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად დანერგა სააბონენტო ნომრის უცვლელად სხვა მობილურ ქსელში პორტირების მომსახურება. ყველა ეს ქმედება მიმართული იყო ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი ბაზრის ჩამოყალიბებისთვის, რის შედეგადაც ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მკვეთრად შემცირდა მობილური სატელეფონო მომსახურების ტარიფი საქართველოში. ყველა ეს ღონისძიება საბოლოო ჯამში მომხმარებლების კეთილდღეობის მიზნით განხორციელდა. ამიტომ კომისია იმედოვნებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მობილური ოპერატორების სანქცირებასთან და შესაძლო ტარიფების მატებასთან დაკავშირებით უბრალოდ შეცდომა იყო", - აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.