პარლამენტში "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ გამოყენებულ ვეტოზე მსჯელობენ. მიხეილ სააკაშვილის შენიშვნებსა და არგუმენტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი ძაგნიძე აცნობს.
"ნორმატიული აქტების შესახებ" პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიღებისა და ხელმოწერის წესს.
პრეზიდენტის შეფასებით, კანონპროექტით გათვალისწინებული დებულებები იწვევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით რეგულირებად საკითხებში ჩარევას და ხელს უშლის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობასა და კონსენსუსის მიღწევას.
"საბოლოო ჯამში, კანონპროექტი აკნინებს ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ორგანოების სტატუსს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიმართ კრიტიკული მოსაზრებები გამოითქვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრთა მხრიდანაც, ვეტოს თხოვნით პრეზიდენტს დევნილთა საინიციატივო ჯგუფმაც მიმართა. ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებების ნაცვლად, მიზანშეწონილია, შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა იმოქმედონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით. მით უფრო, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტები ნათლად განსაზღვრავენ, როგორც შესაბამისი თანამდებობის პირის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურებს, ისე ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიღებისა და გამოცემის წესს", – ასეთია პრეზიდენტის პოზიცია პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ვეტო გაუმართლებელია და ის არ შეიძლება მხარდაჭერილი იყოს.