პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და მისი აპარატის საქმიანობის შესახებ, მთავრობამ სპეციალური დადგენილება გამოსცა. საქმე ეხება თანამდებობის პირს და სტრუქტურას, რომლის არსებობასაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონი ითვალისწინებს. აღნიშნული კანონის საფუძველზე, მთავრობამ გამოსცა დადგენილება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ.
კანონის თანახმად, საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს. ინსპექტორის ამოცანებია: საჯარო და კერძო დაწესებულებებისათვის (პირებისათვის) კონსულტაციის გაწევა მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე; მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა; მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება) საჯარო და კერძო დაწესებულებებში; საზოგადოების ინფორმირება საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.
ინსპექტორი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არც ერთ სხვა თანამდებობის პირს და ორგანოს. ინსპექტორზე რაიმე სახის ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია და ისჯება კანონით. ინსპექტორს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც ინსპექტორს. ეს უფლება მას უნარჩუნდება უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.
ინსპექტორი თანამდებობაზე ღია კონკურსის წესით ინიშნება. აღნიშნულ თანამდებობაზე შერჩეულია "ღია საზოგადოება – საქართველოს" დირექტორის მოადგილე თამარ ქალდანი.