"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ 20 ივლისს, ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერისის მორიგი ტური, "ქართული ოცნების" აქტივისტების პროვოკაციის ფონზე მიმდინარეობდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს, დღეს პარტიის წევრმა გიგი წერეთელმა პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, მოპოვებული ვიდეომასალით ნათლად დასტურდება, რომ ზუგდიდის თეატრთან შეკრებილი ადამიანების მობილიზებას უშუალოდ "ქართული ოცნების" აქტივისტები, გამგებლები და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული ,,ქართული ოცნების" აქტივისტები ახდენდნენ.
"20 ივლისს ქალაქ ზუგდიდში გაიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერიზის მორიგი ტური, საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად. მაშინ, როდესაც კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და მათი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი თავისი განცხადებით, მთლიანად ემიჯნებიან და გმობენ ძალადობასა და მსგავს ფაქტებს, რეალობა სრულიად სხვაგვარია. ღონისძიება "ქართული ოცნების" აქტივისტების პროვოკაციის ფონზე მიმდინარეობდა. ამას ნათლად ადასტურებს ჩვენს ხელთ არსებული ვიდეომასალა, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ ზუგდიდის თეატრთან შეკრებილი ადამიანების მობილიზებას, რომლებმაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და დელეგატებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, უშუალოდ "ქართული ოცნების" აქტივისტები, გამგებლები, მათი მოადგილეები, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული ,,ქართული ოცნების" აქტივისტები ახდენდნენ. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება პირდაპირ დაკავებულია, როგორმე ჩაშალოს სამართლიანი და დემოკრატიული წინასაარჩევნო პროცესი", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ამასთან "ნაციონალური მოძრაობა" აქციაზე მყოფი თანამდებობის პირთა სიას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, მათ შორისაა: ირაკლი ქოჩუა – ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, დევნილთა სამმართველოს უფროსი; კობა ქანთარია – გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სამეგრელო–ზემო სვანეთის უფროსი; დავით სორდია – საქართველოს ფოსტის, სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების უფროსი; კოტე გურგულიანი – მუზეუმების გაერთიანების უფროსი (დაჯარიმდა ასი ლარით); მურთაზ წურწუმია – სოფელ ორულუს გამგებელი; ზაზა ჯანჯღავა – სოფელ ცაიშის გამგებელი; მარინა სამელია – სოფელ ცაიშის გამგებლის მოადგილე; გოჩა შენგელია – სოფელ შამგონის გამგებელი; რაინდი უბილავა – სოფელ ოქტომბრის გამგეობის თანამშრომელი; დალი ბუკია – მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მთავარი სპეციალისტი; ლევან ფაჟავა – ქალაქ ზუგდიდის, გამგეობის სპეციალისტი;
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, აქციის მთავარი ორგანიზატორი ლალი ანთია იყო, მისი შვილი გურგენ სართანია კი ზუგდიდის გამგებლის მოადგილეა.