საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში სანიმუშო იქნება. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ვილნიუსში , თავის ლიტველ კოლეგა ალგიდას ბუტკევიჩიუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ვილნიუსში, 27 ნოემბერს, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში, იგეგმება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება.
"ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ჩვემი აზრით, ეს მიღწევადია. ოქტომბრის არჩევნები, რა თქმა უნდა, ამაზე გავლენას მოახდენს. მე გარწმუნებთ თქვენც, ჩემი კოლეგაც დავარწმუნე და ფართო შევხედრაზეც გავუსვით ხაზი, რომ ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში სანიმუშო იქნება. ჩვენ მოვახერხებთ და პირველად საქართველოს ისტორიაში სახელმწიფო რესურსები არ იქნება გამოყენებული რომელიმე ერთი კანდიდატურის სასარგებლოდ. საერთოდ ვფიქრობთ, რომ ყველაზე ტიპიური, ევროპული არჩვენები ჩატარდება ოქტომბერში და ეს ხელს შეუწყობს ჩვენი შეთანხმების ხელმოწერას და შეიძლება მეტიც მივიღოთ არჩევნებიდან გამომდინარე", -განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც ლიტვის პრემიერმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩაივლის და იქნებიან ევროპელი დამკვირვებლები.
"იმედს ვიტოვებთ, რომ პრობლემები არ შეიქმნება და ეს მართალც გამჭვირვალე არჩევნები იქნება", -განაცხადა ალგიდას ბუტკევიჩიუსმა.